სერია A. მე-3 ტური - იცოდით, რომ...
Aa
Aa

სერია A. მე-3 ტური - იცოდით, რომ...

CrystalSport-ი გთავაზობთ ყოველკვირეულ რუბრიკას, რომლითაც იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებს წარმოგიდგენთ.

გათამაშების მე-3 რაუნდი "მილანისა" და "რომას" სუპერმატჩით გაიხსნა. კვლავ ვერ გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, ლაციოს რეგიონის დერბი ჩატარდა, "ინტერმა" პირველი მატჩი მოიგო, კარლო ანჩელოტიმ კი "ნაპოლის" მწვრთნელის რანგში პირველად წააგო. ასე რომ, მივყვეთ და დავკონკრეტდეთ...

ფრანკ კესის სერია A-ს ეგიდით 12 გოლი მოუგროვდა, რომელთაგანაც 5 აგვისტოს თვეში აქვს გატანილი.

"რომამ" საწყის 3 ტურში მხოლოდ 4 ქულა აიღო, რაც გუნდისთვის ბოლო 6 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი დასაწყისია.

„ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე „ინტერს“ ბოლოს 2002 წლის თებერვალში მოუგო. მას შემდეგ 13 მატჩი გაიმართა - 3 ფრე და 10 წაგება.

რაჯა ნაინგოლანმა „ბოლონიას“ კარში მე-4 გოლი გაიტანა. მას სერია A-ს ეგიდით ამაზე მეტი გოლი მხოლოდ ახლანდელი გუნდის, „ინტერის“ კარში აქვს გატანილი.

ანტონიო კანდრევამ სერია A-ს ეგიდით 504 დღის შემდეგ პირველად გაიტანა. 2017 წლის 15 აპრილს მან „მილანი“ დაამწუხრა.

„ბოლონიამ“ ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა და იტალიის უმაღლესი ლიგის საწყის 3 ტურში გოლი პირველად ვერ გაიტანა.

„იუვენტუსმა“ მატჩის საწყის 2 წუთში გოლი 2013 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. მაშინ „ნაპოლის“ კარი ფერნანდო ლორენტემ აიღო.

„იუვენტუსმა“ ბოლო 7-დან 5 სეზონში მოახერხა და საწყისი 3 ტურის შეხვედრა ზედიზედ მოიგო.

კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ს პირველ 3 ტურში 23 დარტყმა შეასრულა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.

"რეალის" მაისურით, გასული სეზონის საწყის 3 მატჩშიც ამდენი დარტყმის შემდეგ მას გოლი არ ჰქონდა გატანილი.

„კიევოსა“ და „ემპოლის“ მატჩი წლევანდელ სეზონში პირველია, რომლის პირველ ტაიმშიც კარში ზუსტი დარტყმა არ შესრულებულა.

„ჯენოამ“ სერია A-ს მატჩის პირველ ტაიმში ერთბაშად 4 გოლი, 2011 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაუშვა.

ლუის ალბერტო სერია A-ს ბოლო 10 მატჩში შესანიშნავად თამაშობს და 11 გოლში მიიღო მონაწილეობა - 5 თავად გაიტანა, 6-ჯერ კი თანაგუნდელს საგოლე გადაცემა მიაწოდა.

„სპალმა“ წლევანდელ სეზონში 4 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ოთხივე მათგანი ანგარიშით 1:0 დასრულდა.

დარტყმებისა და გატანილი გოლების კუთხით, „სასუოლოს“ წელს საუკეთესო პროცენტი აქვს. „ნეროვერდიმ“ მეტოქეთა კარისკენ 29-ჯერ დაარტყა, რასაც 8 გოლი მოჰყვა - 27.58%.

ამ მხრივ, გუნდს წინა სეზონში, ჩემპიონატის მასშტაბით, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა - 5.8%.

წამყვანი 5 ჩემპიონატის ფეხბურთელებს შორის, ოფიციალური მატჩების გათვალისწინებით, „ჯენოას“ ფორვარდ კრისტოფ პიატეკზე მეტი გოლი არავის გაუტანია.

„როსობლუს“ ახალწვეულმა 3 მატჩში 7 გოლი შეაგდო, პაბლო სარაბიას კი ანალოგიური შედეგი 9 თამაშის შემდეგ აქვს.

„ფიორენტინამ“ სერია A-ს საწყის 2 მატჩში ჯამურად 7 გოლი ისტორიაში მეორედ გაიტანა.

სტეფანო პიოლის ბიჭებმა ჯერ „კიევოს“ 6:1 მოუგეს, უქმეებზე კი „უდინეზესთან“ 1:0-ით დაკმაყოფილდნენ.

3 ტურის შემდეგ, სერია A-ს მხოლოდ 2 უდანაკარგო გუნდი შემორჩა - „იუვენტუსი“ და „ფიორენტინა“. თუმცა, ფლორენციელებმა 3-ის ნაცვლად, 2 მატჩი ჩაატარეს.

3 ტურის შემდეგ, მინიმუმ 1 გოლი ყველა გუნდმა გაუშვა, არიან ისეთებიც, რომელთაც არ გაუტანიათ - „ბოლონია“ და „ფროზინონე“.

მათ ერთმანეთთან ურთიერთშეხვედრა 0:0 ითამაშეს, დანარჩენი 2 მატჩი კი მშრალზე წააგეს.

კარლო ანჩელოტიმ სერია A-ს მატჩი 2009 წლის 24 მაისის შემდეგ პირველად წააგო. მაშინ მისი "მილანი" საკუთარ არენაზე "რომასთან" 2:3 დამარცხდა.

ფაბიო კუალიარელამ "ნაპოლის" სუპერგოლი გაუტანა, რითაც სერია A-ში 128 გოლი მოაგროვა, ანდრეი შევჩენკოს გადაასწრო და იტალიის უმაღლესი ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ჯანი რივერას გაუთანაბრდა - ეს ფეხბურთელები 42-2 და 43-ე ადგილებს იყოფენ.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები