''კაშია გამბედაობის, სიმტკიცისა და თანასწორობის იდეის ღირსეული მატარებელია''
Aa
Aa

''კაშია გამბედაობის, სიმტკიცისა და თანასწორობის იდეის ღირსეული მატარებელია''

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ''ლოკომოტივმა'' განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით კლუბი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს. თბილისური გუნდი კაშიასა და ეროვნული გუნდის საქომაგოდ მთელი შემადგენლობით გეგმავს ლატვიასთან მატჩზე დასწრებას.

თბილისის ''ლოკომოტივის'' განცხადება

''ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ გურამ კაშია არის გამბედაობის, სიმტკიცისა და თანასწორობის იდეის ღირსეული მატარებელი. თბილისის ''ლოკომოტივი'' გურამს მხარს უჭერდა მისი გადაწყვეტილების პირველივე დღიდან და მხარს უჭერს ახლაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელის ორი უმნიშვნელოვანესი, ოფიციალური მატჩი. გამომდინარე იქედან, რომ ''ლოკომოტივი'' არის თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის მტკიცე მხარდამჭერი, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, 9 სექტემბერს, საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას დაესწროს სრული შემადგენლობით და ტრიბუნიდან გაამხნევოს როგორც ნაკრები, ისე პერსონალურად გურამი. ''ლოკომოტივის'' ადმინისტრაცია, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ერთად წარმატებას უსურვებს ეროვნულ გუნდს, ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში.''

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელმა გურამ კაშიამ საკუთარი ფეისბუქ გვერდი გააუქმა. მისი ეს გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ კაშიას UEFA-მ Equal Game-ის (თანასწორი თამაშის) ჯილდო გადასცა.

გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილისგან.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები