Aa
Aa

სენსაცია US Open-ზე! - ფედერერმა მილმანთან 1/8 ფინალში წააგო

მსოფლიო ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, როჯერ ფედერერი US Open-ის წლევანდელ გათამაშებას 1/8 ფინალურ ეტაპზე სენსაციურად გამოეთიშა.

"მხიარული როჯერი" ავსტრალიელ ჯონ მილმანთან დამარცხდა და მის კარიერაში პირველად მოხდა, როცა ამერიკის ღია პირველობაზე რეიტინგის საუკეთესო 50-ეულს მიღმა მყოფ მეტოქესთან წააგო. როჯერს აქამდე US Open-ზე, ამ სტატუსის მეტოქეებთან მოგება-წაგებათა შეფარდება, 40:0-ზე ჰქონდა.

ვეტერანმა შვეიცარიელმა მატჩის პირველი სეტი იოლად, 33 წუთში აიღო, თუმცა ამის შემდეგ შეცდომათა კასკადი დაიწყო, რომელიც მე-4 სეტის ბოლო გათამაშებამდე გაგრძელდა და თამაშის შედეგიც უდიდესწილად ამ ფაქტორმა განაპირობა - 6:3; 5:7; 6:7; 6:7.

როჯერმა 13 ეისი მოაწოდა და 65 ვინერი შეასრულა, უნებლიე შეცდომების ოდენობა კი მისთვის შეუფერებელი გახლდათ - 76 (!!!). მილმანი კი გაცილებით ზუსტად თამაშობდა და მხოლოდ 28 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რასაც 47 ვინერიც მიამატა.

ტურნირის 1/4 ფინალურ სტადიაზე გულშემატკივარი ფედერერი-ჯოკოვიჩის სუპერმატჩს ელოდა, თუმცა სერბთან დაპირისპირება მსოფლიოს 55-ე ჩოგან ჯონ მილმანს მოუწევს, რომელიც დიდი სლემის გათამაშების 1/4 ფინალში პირველად ითამაშებს.

როჯერ ფედერერი ამერიკის ღია პირველობის 5 გზის გამარჯვებულია, თუმცა "ფლეშინგ მედოუსზე" ბოლო წარმატებას 2008 წელს მიაღწია. 

შვეიცარიელი "მაესტროს" ანგარიშზე 20 დიდი სლემის ტიტულია, რაც რაფა ნადალის მაჩვენებელზე 3-ით მეტია. ესპანელი ასპარეზობას აგრძელებს და 1/4 ფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები