The New York Times: ბასილაშვილი ნადალთან დამარცხდა, მაგრამ ქართველებს საამაყოდ საბაბი მისცა
Aa
Aa

The New York Times: ბასილაშვილი ნადალთან დამარცხდა, მაგრამ ქართველებს საამაყოდ საბაბი მისცა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანთან რაფაელ ნადალთან US Open-is 1/8-ფინალში მაღალ დონეზე იასპარეზა და საჩოგბურთო სამყაროში პატივისცემა დაიმსახურა.

ბასილაშვილისთვის წლევანდელი გათამაშება ისტორიული გამოდგა. ირაკლი ლაბაძის შემდეგ, ის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მამაკაცი წარმომადგენელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის 1/8 ფინალში გასვლა შეძლო. ლაბაძემ ამ შედეგს 2006 წლის უიმბლდონზე მიაღწია და ისიც რაფა ნადალთან დამარცხდა.

ბასილაშვილის კარგ თამაშს ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა The New York Times-იც გამოეხმაურა.

გაზეთის სპორტულმა მიმომხილველმა დევიდ ვალდშტეინმა ბასილაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომლის საინტერესო ნაწილს უცვლელად გთავაზობთ.

სტატია ასეთი სათაურით იწყება: ბასილაშვილი ნადალთან დამარცხდა, მაგრამ ქართველებს საამაყოდ საბაბი მისცა.

„როდესაც შაბათს ნიკოლოზ ბასილაშვილი არტურ ეშის სახელობის სტადიონზე მივიდა, გულშემატკივართა მცირე ნაწილი თუ თვლიდა, რომ US Open-ის ოთხგზის გამარჯვებული ესპანელის წინააღმდეგ მას რაიმე შანსი ჰქონდა.

თუმცა, ბასილაშვილმა თავისი თამაშით სტადიონზე მყოფ ყოფილი საბჭოთა კავშირის პატარა ქვეყნის საქართველოს მცირერიცხოვან წარმომადგენლებს ოპტიმიზმის საფუძველი მისცა.

ტრიბუნებიდან ბასილაშვილს NBA-ს ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია და ზაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უჭერდნენ მხარს.

ბასილაშვილმა მატჩი 4 სეტში 3:6, 3:6, 7:6, 4:6 დათმო, თუმცა თავისი სისწრაფისა და დინამიურობის გამო მან ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებლების პატივისცემა დაიმსახურა. მისმა თამაშმა დიდი გამოხმაურება და აღტაცება გამოიწვია თავის სამშობლოში.

ეს იყო ბასილაშვილისთვის კარიერაში პირველი შემთხვევა, როდესაც ის დიდი სლემის ტურნირის მე-4 რაუნდში მოხვდა. ის კარიერაში საუკეთესო შედეგს აფიქსირებს და რეიტინგში 35-ე ჩოგანი ხდება (ამჟამად 37-ე).

„ყველა მიყურებდა, ძალიან ბევრი ადამიანი მიჭერდა მხარს. ეს ძალიან კარგი შეგრძნება იყო“, ამბობს ბასილაშვილი.

ტრიბუნებზე მყოფთაგან ზაზა ფაჩულია ყველაზე ცნობადი სახე იყო. ის „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის გამარჯვებული გახდა და ამჟამად „დეტოიტ პისტონსის“ ღირსებას იცავს. ზაზა საქართველოში ყველაზე პოპულაურლი სპორტსმენია.

ფაჩულია დეტროიტიდან მეგობრებთან ერთად ბასილაშვილის საქომაგოდ ჩამოვიდა.

„ბევრი შეხვედრა არ მაქვს ნანახი, თუმცა მე ნიკოლოზის საგულშემატკივროდ მოვედი და ეს მისთვის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ ის დამარცხდა“, განაცხადა ფაჩულიამ.

დღეს საქართველოს ყველაზე პოპულარული სპორტსმენი კალათბურთელი გახლავთ, თუმცა ადრე ეს ასე არ იყო. 1973 წელს, ამ წოდებას ალექსანდრე მეტრეველი ატარებდა, რომელმაც მსოფლიო დონეს მიაღწია.

მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გავიდა. მეოთხედფინალში კი ჯიმი კონორსის დამარცხება შეძლო.

ალექსანდრე მეტრეველი თბილისში დაიბადა. იმ დროს საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი იყო. მან ATP-ის ტურნირის 5-ჯერ მოგება შეძლო და 1974 წელს რეიტინგში საუკეთესო ათეულის წევრიც იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები