Aa
Aa

US Open: ბასილაშვილმა ნადალს სეტი მოუგო და ღირსეულად დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა 1/8 ფინალში დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან 4 სეტში 3:6; 3:6; 7:6; 4:6 დამარცხდა.

პირველსა და მეორე პარტიაში ბასილაშვილს ნერვიულობა ეტყობოდა, რის შემდეგაც გაცილებით თავისუფლად ათამაშდა და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს სეტიც მოუგო.

ნადალმა 3 საათსა და 20 წუთს გაგრძელებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ბასილაშვილმა ტაიბრეიკზე შესანიშნავად ითამაშა და, მთლიანობაში, საკმაოდ უხერხული მეტოქე იყო.


 

ნიკოლოზს 56 ვინერი ჰქონდა, ნადალმა კი აქტიური თამაშის წყალობით 30 ქულა მოიგო. სამაგიეროდ, უდიდესი სხვაობა იყო უნებლიე შეცდომებში - ქართველმა ამის გამო 59 ქულა წააგო, ესპანელმა კი მხოლოდ 19.

ირაკლი ლაბაძის შემდეგ, ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მამაკაცი წარმომადგენელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის 1/8 ფინალში გასვლა შეძლო. ლაბაძემ ამ შედეგს 2006 წლის უიმბლდონზე მიაღწია და ისიც რაფა ნადალთან დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ზედა ათეულის წარმომადგენელს მერვედ დაუპირისპირდა. მან აქამდე 2-ჯერ ნადალთან, ფედერერთან, ჯოკოვიჩთან, ანდერსონთან და დიმიტროვთან წააგო, ხოლო ბერდიხსა და ტიმს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები