Aa
Aa

ისტორია დაწერილია! - ბასილაშვილი US Open-ის 1/8 ფინალშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე მორიგი მატჩი მოიგო და დამოუკიდებელი საქართველოს მეორე მამაკაცი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის 1/8 ფინალურ სტადიაზე გააღწია.

პირველად ეს ირაკლი ლაბაძემ გააკეთა, რომელმაც 2006 წლის უიმბლდონზე ასევე 1/8 ფინალში ითამაშა და სწორედ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქესთან, რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ გუიდო პელას დაუპირისპირდა და 4 სეტში - 6:3; 6:4; 1:6; 7:6 დაამარცხა და შემდეგ წრეში, როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოს პირველ ჩოგანსა და ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, რაფა ნადალს შეხვდება.

ნიკამ პირველი და მეორე სეტი დამაჯერებლად მოიგო და მეტოქისთვის ბრეიკის შესრულების საშუალებაც არ მიუცია, მესამე პარტიაში კი უპირატესობას არგენტინელი დაეუფლა და სეტებში ანგარიში შეამცირა.

მე-4 სეტში ქართველი ბრეიკითაც იგებდა, თუმცა საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილი პირველსავე ქულისას ჩამორჩა, მაგრამ სიტუაცია სათავისოდ შეატრიალა და თამაში 4 პარტიაში დახურა.

ნიკოლოზმა 5 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე 79-დან 53, ხოლო მეორეზე 47-დან 25 ქულა მოიგო. 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/8 ფინალში გასვლით, 180 სარეიტინგო ქულა გაინაღდა, რაც მსოფლიო კლასიფიკაციაში კიდევ უფრო დაწინაურების საშუალებას მისცემს.

ბასილაშვილი და ნადალი ხვალინდელი სათამაშო დღის ეგიდით ითამაშებენ. ჩოგბურთელები ერთმანეთს 2017 წლის როლან გაროსზე შეხვდნენ და ნადალმა 3 სეტში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები