Aa
Aa

"ტორპედომ" ევროპა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქუთაისის "ტორპედომ" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში, რაზგრადის "ლუდოგორეცთან" მეორე მატჩიც წააგო. ქუთათურებმა საშინაო შეხვედრა 0:1 დათმეს, დღეს კი ბულგარეთში დიდი სხვაობით - 0:4 დამარცხდნენ. 

შეხვედრაში სწრაფი გოლი გავიდა და მისი ავტორი მისიჯანი გახდა, რომელმაც მეტოქის მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ლამაზი გოლი შეაგდო. პირველსავე ტაიმში თავი გუსტავო კამპანიარომაც გამოიჩინა, რითაც ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი თითქმის გადაწყვიტა.

უნდა აღინიშნოს, რომ 1:0-ზე კახა ჩხეტიანის ბიჭებს რამდენიმე რეალური მომენტი შეექმნათ, რომელთაგანაც 22-ე წუთზე შესრულებული ლაჩნის თავური უნდა გამოვარჩიოთ. იმ ეპიზოდში ჩვენების ლეგიონერმა საკმაოდ კარგად დაარტყა, თუმცა მეკარე რენანმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი ულამაზეს სტილში მოიგერია.

საბოლოოდ, პირველი ნახევარი რაზგრადელთა 2 ბურთიანი უპირატესობით დასრულდა. ვთქვათ ისიც, რომ "ტორპედოს" ათეულობით ქართველი ტრიბუნებიდან გულშემატკივრობდა, რომელთაც ადგილობრივ ფანებთან შელაპარაკება მოუვიდათ და საქმეში პოლიცია რომ არ ჩარეულიყო, ხელჩართული ჩხუბი დაიწყებოდა.

 

მეორე ნახევარში იმავე კამპანიარომ დუბლი გაიფორმა, საბოლოო ანგარიში კი ვანდერსონმა დააფიქსირა. შედეგად, ორი მატჩის ჯამში "ტორპედომ" 0:5 წააგო.

ასე რომ, 2004-2005 წლების სეზონის უეფას თასი კვლავ გამონაკლისად რჩება. მაშინ გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა თბილისის "დინამომ" ხსენებული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და იგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროტურნირის ჯგუფურ სტადიაზე გაღწევა შეძლო.

ქუთაისის "ტორპედომ" პირადი რეკორდი დაამყარა და ევროპა ლიგის/უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის სტადიაზე პირველად გავიდა. აქამდე გუნდის საუკეთესო შედეგი მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები