უფრო შემტევი - ლოპეტეგი ნახევარდაცვის ტრიოს ცვლის
Aa
Aa

უფრო შემტევი - ლოპეტეგი ნახევარდაცვის ტრიოს ცვლის

მადრიდის "რეალის" ახალ მთავარ მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის ზინედინ ზიდანისგან განსხვავებული ხედვები აქვს.
Marca-ს ინფორმაციით, ლოპეტეგი ნახევარდაცვის ფორმირებას გეგმავს.

როგორც ვიცით, ზიდანი მოედნის ცენტრს კაზემირო-კროოსი-მოდრიჩის ტრიოს აბარებდა და ეს არჩევანი ზიზუს როგორც წესი უმართლებდა კიდეც.

ლოპეტეგის სხვა ხედვა აქვს და ის მოედნის ცენტრში უფრო შემტევი ტრიოს გამოყენებას გეგმავს.

წლევანდელ სეზონში 51 წლის სპეციალისტმა პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში რაც აქამდე "რეალმა" ჩაატარა ისკო გამთამაშებლის პოზიციაზე გამოიყენა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ლოპეტეგი ტონი კროოსსაც ხელშეუხებლად თვლის. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კაზემირო-მოდრიჩის წყვილიდან რომელიმეს თადარიგში დარჩენა მოუწევს.

რა თქმა უნდა ესპანელი სპეციალისტი როტაციას ხშირად მიმართავს, თუმცა ამ ორი მოთამაშიდან რომელიმეს თადარიგში ხილვა ცოტა რთული წარმოსადგენია.

ესპანური პრესა მიიჩნევს, რომ ნახევარდაცვის სამეულში ადგილს ლუკა მოდრიჩი დაიკავებს და ბრაზილიელს თადარიგში დარჩენა მოუწევს.

ყველას კარგად მოეხსენება ლოპეტეგის შემტევი სტილის შესახებ. ესპანელი არ გეგმავს რომ ისკო ფორვარდების უკან გაამწესოს, როგორც ამას ზიდანი აკეთებდა.

ზიზუ 4-3-1-2 სქემას იყენებდა, რომელშიც რონალდუ-ბენზემას წყვილის უკან ისკოს სრული თავისუფლება ჰქონდა. ფრანგი პრინციპულ შეხვედრებში უპირატესობას 4 ნახევარმცველით თამაშს ანიჭებდა და ეს მადრიდელებს ნახევარდაცვაში დომინირების საშუალებას აძლევდა.

წლევანდელ სეზონში ლოპეტეგი 4-3-3-ს გამოიყენებს. მადრიდელთა შემადგენლობა დიდი ალბათობით ასეთი იქნება: კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ბეილი, ასენსიო, ბენზემა.

ამ ეტაპზე ლოპეტეგის "რეალი" ასე გამოიყურება, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირა რჩება და შესაძლოა "ლოს ბლანკოსმა" მინიმუმ ერთი ტრანსფერი განახორციელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები