რა დაემართა ენტონი მარსიალს?
Aa
Aa

რა დაემართა ენტონი მარსიალს?

ფეხბურთელისთვის ტიერი ანრისთან შედარება უდიდესი პატივია. მოთამაშე, რომელზეც საუბარი გვაქვს პერსპექტიული ახალგაზრდაა, საკმაოდ სწრაფია და "არსენალის" ლეგენდის მსგავსად საფრანგეთშია დაბადებული. მას საოცარი აჩქარება, მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს შორის გაძრომის, თავისუფალი ზონის პოვნის ნიჭი და იდეალური პოზიციის შერჩევის უნიკალური უნარი აქვს. 

ამ სიტყვებიდან სამი წლის შემდეგ ანრისთან შედარებები კვლავ აქტუალურია. უბრალოდ ამჯერად სხვა ფეხბურთელზეა საუბარი. მათ ბიოგრაფიას რომ გადახედოთ ნახავთ, რომ ორივე პარიზის გარეუბანში გაიზარდა, ორივემ საკუთარი თავი „მონაკოში“ წარმოაჩინა და შემდეგ... შემდეგ ყველაფერი შეიცვალა... დიდიე დეშამს თუ დავუჯერებთ, ერთ-ერთი მათგანი, იგივე ასაკში მყოფ ანრიზე გაცილებით უკეთ თამაშობს.

პირველი პარაგრაფი ენტონი მარსიალზეა, მეორე - კილიან მბაპეზე.

მბაპესთან რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის შედარება ალბათ დიდი უსამართლობაა. ამ უკანასკნელმა მუნდიალზე "ფეხბურთის მეფის" რეკორდი გაიმეორა, მაგრამ 3 წლის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო... 3 წლის წინ ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ენტონი მარსიალი გახლდათ...

მარსიალმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსისკენ სწრაფვა მშვენივრად დაიწყო. სადებიუტო შეხვედრაში მან „ლივერპულს“ გაუტანა და ამ მატჩის შემდეგ ნათელი გახდა თუ რატომ დათანხმდა „მონაკო“ ბონუსის სახით 10 მილიონი ევროს მიღებას, იმ შემთხვევაში თუ ენტონი „ოქროს ბურთს“ მოიგებდა.

მბაპესთან ვინმეს შედარება ნამდვილად რთულია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წლის წინ მარსიალი მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. ასეთი ფრაზა ახლა რომ გააჟღერო ალბათ ბევრი დაგცინებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე მის მაგივრად უსმანე დემბელე, ნაბილ ფეკირი და ტომას ლემარი ვიხილეთ. "მამლებმა" მუნდიალი ტრიუმფით დაასრულეს, ენტონი კი „იუნაიტედის“ სათადარიგო სკამზე ზის და რეშფორდი-ლინგარდის დუეტის ჩრდილქვეშაა. 

მარსიალი და ვან გაალი

"ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგებული მარსიალი ვან გაალის სათამაშო სისტემას იდეალურად ნამდვილად ვერ მოერგო. ფრანგ შემტევს მიღებული გადაცემების შემდეგ იერიშში სისწრაფე და მრავალფეროვნება შეჰქონდა, ლუისის ტაქტიკა კი უბრალოდ ბურთის ფრთაზე გადატანაზე და მის უკან დაბრუნებაზე გახლდათ ორიენტირებული. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, იგი ამავდროულად იმ მოთამაშედ იქცა, რომელიც ჰოლანდიელი სპეციალისტის მსგავს სათამაშო ფილოსოფიას ატარებდა და როგორც პატრიკ კლუივერტისგან ვიცით, ვან გაალი ახალგაზრდებს მუდამ სწყალობდა... 

პრობლემა სხვა რამ იყო... მარსიალი "მანჩესტერში" ცუდ დროს მივიდა! გუნდს სერიოზული პრობლემები ჰქონდა და დაღმასვლას განიცდიდა, მიუხედავად ყველაფრისა ენტონიმ "წითელი ეშმაკების" ქომაგებს იმედი ჩაუსახა... სამწუხაროა მაგრამ დიდი ალბათობით იგი მემფის დეპაის და ადნან იანუზაის გზას გაუყვება... მარსიალის საკუთარ რიგებში ხილვით „ჩელსი“, „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ არიან დაინტერესებული. აღნიშნული კლუბების წარმომადგენლები თვლიან რომ „ოლდ ტრაფორდის“ მკვიდრებმა მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა ვერ მოახერხეს. გუნდების სახელების წაკითხვითაც მიხვდებით მარსიალი რამხელა ტალანტის პატრონია და ვინ იცის, იქნებ ტიერი ანრის ისტორია განმეორდეს და „იუვედან“ წამოსული ლეგენდარული ფრანგის მსგავსად, კარიერა ენტონიმაც სხვა გუნდში ააწყოს.

არასწორი ადგილი

მარსიალს ხშირად ჟოზე მოურინიოს მსოფლმხედველობის მსხვერპლად მიიჩნევენ და ნამდვილად რთულია ამ მოსაზრებას შეეწინააღმდეგო. პორტუგალიელს დაცვითი ფუნქციების კარგად შემსრულებელი და მაღალი დისციპლინის მქონე ფეხბურთელები მოსწონს. უფრო დიდი სურათის დანახვისას ნათელი ხდება, რომ ფრანგი შემტევი გარემოებების მსხვერპლი გახდა. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ცუდ  დროს...ან... არასწორ კლუბში თამაშობს.

ვან გაალის გუნდში ყოფნის მეორე სეზონში, მარსიალმა თერთმეტი გოლი გაიტანა, რაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პერიოდში "იუნაიტედის" შეტევა საშინლად გამოიყურებოდა, საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია. სამწუხარო ისაა ოცდაშვიდიც რომ გაეტანა და პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო, მოურინიოსგან ქებას მაინც ვერ დაიმსახურებდა.

პორტუგალიელს ცენტრფორვარდებთან დაკავშირებით უნიკალური გემოვნება აქვს. ლუკაკუ, დროგბა, მილიტო, კოშტა და იბრაჰიმოვიჩი მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდნენ და მათ სიტუაციის გამწვავება მეტოქის კარისგან ზურგით ყოფნის დროსაც შეეძლოთ! უფრო მეტიც! ისინი ამ საკითხში ნამდვილი ექსპერტები იყვნენ და თავადაც მიხვდებით, რომ არცერთი მათგანი მარსიალივით სწრაფი და მოუხელთებელი არ გახლდათ.

ამ ყველაფერს სხვა ფაქტორებიც დაერთო. "მანჩესტერს" წარმატებისკენ მიმავალი მოკლე გზის არჩევა მოუნდა. გუნდი ვარსკლავების გადმობირების სენმა შეიპყრო - პოგბა! ზლატანი! ლუკაკუ! ამან ბუნებრივია "მარსიალის პროექტი" სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რასაც სულ მალე რეშფორდის დაწინაურება მოჰყვა...მიუხედავად ხსენებული ფაქტებისა ყველაფერი კარგად მიდიოდა. შარშან რეშფორდი და მარსიალი საქმეს ინაწილებდნენ და საკმაოდ პროდუქტიულები იყვნენ. იანვრამდე აღნიშნული დუეტს მონაწილეობა 20 გოლში ჰქონდა მიღებული. „ტოტენჰემთან“ მატჩში მოურინიოს მიერ მარსიალის ძირითადში გამწესებას ქომაგებისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა.

ენტონი მარსიალი საოცარი ფეხბურთელია! ანრის ტყუილად არ უთქვამს მასზე, რომ 21 წლის ასაკში იგი მარსიალზე უკეთ ნამდვილად არ თამაშობდა...

მორიგი წინაღობა

თითქოს ყველაფერი ლოგიკურად ვითარდებოდა, მაგრამ უეცრად "იუნაიტედმა" ალექსის სანჩესის ტრანსფერი განახორციელა. ჩილელის გაფორმება წმინდა მანჩესტერული სვლა იყო - გადმოიყვანე გამოცდილი მოთამაშე და მასთან ერთად წარმატებისკენ მისვლა მოკლე გზით სცადე! 

"წითელ ეშმაკებს" მხითარიანი ჰყავდათ, რომელსაც ამ პოზიციაზე თამაში მშვენივრად შეეძლო... მარსიალზე აღარაფერს ვამბობთ... მაგრამ უეცრად ენტონი სათადარიგო სკამის მოთამაშედ იქცა და დიდი ალბათობით სიტუაცია არც უახლოეს მომავალში შეიცვლება.

უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ხშირად იყო მომენტი, როცა „იუნაიტედის“ გულშემატკივრებს ასეთი კითხვა უჩნდებოდათ - რა მოხდებოდა რომ?! როგორც ჩანს მარსიალის ტრანსფერიც ამ სევდიანი ფრაზის ერთ-ერთ მაგალითად მოგვევლინება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები