ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "არ მინდა ვიდეო რეფერიმ თამაშის ტემპი დააგდოს"

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, ფეხბურთში ვიდეო რეფერის დანერგვას გამოეხმაურა.

FIFA-მ VAR მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენა და მისი დახმარებით მსაჯებმა საკმაოდ ბევრი საკამათო სიტუაცია გადაჭრეს.

La Liga-ში ტექნოლოგიური ინოვაცია წლევანდელ სეზონში დაინერგა. ვალვერდე ამ გადაწყვეტილებით არც თუ ისე მოხიბლულია და მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში VAR-ს ფეხბურთზე დადებითი გავლენა ნამდვილად არ ექნება.

„ბარსას“ ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა

„კლუბების წარმომადგენლები თვლიან, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები და ვიდეო რეფერი მსაჯების დასახმარებლად, სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად და საჯარიმოში მომხდარი დარღვევების დასაფიქსირებლად ინერგება, მაგრამ არავის წარმოდგენა არ აქვს მომავალში ამ სპორტზე VAR-ს რა გავლენა ექნება“.

„სიმართლე გითხრათ არ მინდა ვიდეო რეფერიმ თამაშის ტემპი დააგდოს. ფეხბურთი გამორჩეული სპორტი სისწრაფით და პაუზების არ არსებობის გამოა. მსაჯებს დახმარება ნამდვილად სჭირდებათ, მაგრამ ეს თამაშის ტემპის დაგდების ხარჯზე არ უნდა მოხდეს“.

„ვიცი საჯარიმოში განვითარებულ მოვლენებზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიხსენეთ. საფრანგეთმა პირველი გოლი ჯარიმიდან შეაგდო, რომელიც სიმულაციას მოჰყვა. სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები რა უფრო მნიშვნელოვანია... ჯერ ზუსტად არაფერი ვიცი და მოვლენების განვითარებას თქვენთან ერთად ველოდები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები