Aa
Aa

წლის "ქამბექი"?! - გორგოძის ხმაურიანი დასაწყისი US Open-ზე!

ეკატერინე გორგოძემ დიდი სლემის ტურნირებზე კარიერაში პირველად ითამაშა და გასაოცარი, დასამახსოვრებელი სადებიუტო მატჩი გამოუვიდა.

ქართველის მოწინააღმდეგე ადგილობრივი თინეიჯერი, კეტი მაკნელი გახლდათ, რომელთანაც ეკომ პირველი სეტი 0:6 წააგო, მეორეში კი 1:5 მარცხდებოდა. შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, თანაც პროცესში ამერიკელს 3 მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა გორგოძე დანებებას არ აპირებდა და პუბლიკა ბრწყინვალე "ქამბექით" გააოცა.

1:5-დან, ჩვენმა თანამემამულემ უმძიმესი გეიმები მოიგო, თითქმის ყველა მათგანში თამაშის წაგების ზღვარზე იყო, საბოლოოდ კი სეტი 7:5-ით დახურა და საქმე გადამწყვეტ პარტიამდე მივიდა.

ასეთი სვლის შემდეგ გორგოძეს უპირატესობა მიეცა და მე-3 სეტში მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა - 0:6; 7:5; 6:2. 

ეკომ 2 ეისი მოაწოდა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. ტრადიციულად, კარგად იყენებდა პირველ მოწოდებას - 88-დან 74, რამაც ქულების 55%-ის მოგების საშუალება მისცა (74-დან 41), მეორე მოწოდებაზე კი 14-დან 4 ქულა მოიგო. მან 6 ბრეიკი შეასრულა და თავისი ჩაწოდებაც ამდენჯერვე დაკარგა.

ეკატერინე გორგოძე საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 რაუნდში ყველასათვის კარგად ნაცნობ ჩოგბურთელს, ეჟენი ბუშარს შეხვდება, რომელმაც ჟაოს წინააღმდეგობა ძალიან მარტივად დასძლია - 6:0; 6:1. ბუშარი 2014 წლის უიმბლდონის ფინალისტია და უნიჭიერეს მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა ბოლო წლებში თამაშს უკლო და კარიერაში WTA-ს ერთადერთი ტიტული აქვს მოგებული - 2014 წელს, ნიურნბერგის საშუალო დონის გათამაშება.

გორგოძისა და ბუშარის დაპირისპირება ხვალინდელი სათამაშო დღის ეგიდით ჩატარდება, მატჩის დაწყების ზუსტი დრო კი ოდნავ მოგვიანებით გვეცოდინება.

პ.ს. მატჩი, ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო ცენტრის მე-11 კორტზე, დღეს მე-3 შეხვედრადაა დაგეგმილი, დაწყების სავარაუდო დრო კი 22:00 საათია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები