გორგოძე US Open-ს 16 წლის ამერიკელით დაიწყებს! - შემდეგ წრეში ბუშარი?..
Aa
Aa

გორგოძე US Open-ს 16 წლის ამერიკელით დაიწყებს! - შემდეგ წრეში ბუშარი?..

საქართველოს პირველი ჩოგანი, ეკატერინე გორგოძე რამდენიმე დღეა ნიუ-იორკში იმყოფება და თავისთვის სადებიუტო დიდი სლემის ტურნირისთვის, ამერიკის ღია პირველობისთვის ემზადება.

გორგოძე გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და პირველ მოწინააღმდეგედ ადგილობრივი თინეიჯერი, კეტი მაკნელი ეყოლება.

მაკნელი 16 წლისაა და საკმაოდ ნიჭიერი ჩოგბურთელი გახლავთ. მას, უფროსებს შორის, დიდი სლემის ტურნირზე დებიუტი აქვს, თუმცა რამდენიმე კვირის წინ იუნიორთა უიმბლდონზე ითამაშა და 1/4 ფინალურ სტადიაზე დამარცხდა, იქამდე კი იუნიორთა როლან გაროსზე ერთეულთა ფინალში წააგო, ხოლო წყვილთა შორის საერთოდ ჩემპიონი გახდა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 2016 წელს იუნიორთა უიმბლდონის წყვილთა გათამაშებაში, მაკნელი მარიამ ბოლქვაძესთან ერთად თამაშობდა და ქართულ-ამერიკულმა დუეტმა ფინალში გააღწია, სადაც, სამწუხაროდ, დამარცხდა.

გორგოძე შესანიშნავ ფორმაშია და ბოლო 2 ტურნირი - ასტანასა და ჰეხინგენში ტიტულით დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე ზედიზედ 10 მოგებული მატჩი გახლავთ.  ეკოს კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს და ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 167-ე ადგილზე იმყოფება.

გორგოძისა და მაკნელის მატჩი საღამოს სესიისას ჩატარდება. იგი ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო ცენტრის მე-10 კორტზე ბოლო შეხვედრადაა დაგეგმილი. სავარაუდოდ, ჩოგბურთელებს კორტზე გასვლა თბილისის დროით დაახლოებით ღამის 2 საათიდან მოუწევთ.

აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული, საკვალიფიკაციოს მე-2 რაუნდში კაროლ ჟაოს ან ეჟენი ბუშარს შეხვდება. კანადელი ვარსკვლავი, რომელსაც ბოლო დროს ფოტოსესია უფრო ხშირად აქვს, ვიდრე - თამაშს იგებს, WTA-ს რეიტინგში 123-ე ადგილზეა.

ასევე იხილეთ - crystalsport-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ეკატერინე გორგოძესთან (VIDEO)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები