გარეტ ბეილის ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონი!
Aa
Aa

გარეტ ბეილის ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონი! "ოქროს ბურთი" და რონალდუს ტახტი თუ სრული კრახი?

ერთ-ერთი ისტორია, რომელიც გარეტ ბეილის „მადრიდის რეალში“ ყოფნის პერიოდს იდეალურად აღწერს, 2015 წელს უელსელის აგენტის მიერ კარლო ანჩელოტის პროვოცირებას უკავშირდება. იტალიელი მწვრთნელი ბეილს მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ათამაშებდა და გარეტი საკუთარი როლით კმაყოფილი იყო, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ჯონათან ბარნეტი (ბეილის აგენტი) ფლორენტინო პერესს ესტუმრა...

ბეილის აგენტს კლუბის პოლიტიკაში და შემადგენლობის შერჩევაში ჩარევის არანაირი უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მან „რეალის“ პრეზიდენტს, ბეილის მარჯვენა ფლანგიდან, გარეტის საყვარელ პოზიციაზე - თავდამსხმელის უკან, მოედნის ცენტრში, გადაყვანა შესთავაზა.

2012-13 წლების „ტოტენჰემში“ უელსელი ამ პოზიციაზე ბრწყინავდა და პერესმა მისი ყიდვა სწორედ ამ სეზონის შემდეგ გადაწყვიტა.

გარეტ ბეილს მაშინ (და ახლაც) „ოქროს ბურთის“ მოგების სურვილი ამოძრავებდა და მისთვის პოზიციის შეცვლა ალბათ მისაღები იყო, მაგრამ იგივეს კარლო ანჩლოტისთან მიმართებით ნამდვილად ვერ ვიტყვით. იტალიელი ძალიან გაბრაზდა! მას ორი რამ არ ესიამოვნა! პირველი - ფეხბურთელის აგენტი გუნდის პრეზიდენტზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა და მეორე - თუ პრობლემა არსებობდა ბეილი პირველ რიგში მას უნდა დალაპარაკებოდა. საბოლოოდ ანჩელოტიმ ფლორენტინოს აუხსნა, რომ შუა სეზონში სისტემის შეცვლა გუნდის თამაშზე ნეგატიურად იმოქმედებდა და ბეილი დაარწმუნა, რომ საკითხს ზაფხულში დაუბრუნდებოდნენ, თუმცა იტალიელი ზაფხულს მადრიდისგან ძალიან შორს შეხვდა...  

ბარნეტის ვიზიტიდან სამი წელია გასული და ბეილი კვლავ თავის შანსს ელოდება, ერთი განსხვავებით! მას საკუთარი სურვილი აუცილებლად აუსრულდება! ახალ სეზონში მისი დრო მოვა!

ბეილი და ესპანეთი

ალბათ იკითხავთ, რატომ მაინცდამაინც ახლა?! პასუხი მარტივია! გუნდი "ზიზუმ" და რონალდუმ დატოვეს. ზინედინ ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ 100 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „იუვეში“ გადავიდა. ფრანგი სპეციალისტის შემცვლელად ხულენ ლოპეტეგი დაინიშნა, ჯერჯერობით მადრიდულმა გუნდმა ტიბო კურტუა და ალვარო ოდრიოსოლა გაიფორმა, შეტევის გაძლიერება კი ვინიციუსის ტრანსფერით სცადა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ლოს ბლანკოსის“ სამიზნეები ედენ აზარი, ნეიმარი და კილიან მბაპე იყვნენ, მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რონალდუს შემცვლელის ადგილი კვლავ ვაკანტურია.

კრიშტიანუს დატოვებული სივრცის შევსება, განსაკუთრებით იერიშის დამაგვირგვინებელ ფაზაში, ადვილი ნამდვილად არ იქნება. ლოპეტეგის ფავორიტი ისკო, ფლეიმეიქერია, ის გოლის გატანაზე მეტად სახიფათო სიტუაციების შექმნაზეა ორიენტირებული, ლუკას ვასკესიც იგივეს აკეთებს, რაც შეეხება კარიმ ბენზემას, ფრანგი დიდი ხანია „რეალში“ თამაშობს და გუნდის ლიდერი არცერთხელ ყოფილა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც „რეალის“ ისტორიაში შესვლა და ნამდვილ სუპერვარსკლავად ქცევა შეუძლია, მარკო ასენსიოა, თუმცა ეს უკანასკნელი 22 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. 29 წლის ბეილს თავის გამოსაჩენად დიდი დრო ნამდვილად არ გააჩნია და პერესს ეს მშვენივრად მოეხსენება.

ფლორენტინოსთვის გარეტის წარმატება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი უმეტესწილად „რეალის“ წინა პრეზიდენტის, რომან კალდერონის დამსახურება იყო, რაც შეეხება ბეილს, ამ უკანასკნელის 85 მილიონ ფუნტად ყიდვა, პერესის ინიციატივა გახლდათ. გარეტი ფლორენტინოს ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია და უელსელის კარგი თამაში "რეალის" პრეზიდენტის რეპუტაციაზე დადებითად იმოქმედებს. შარშან ან შარშანწინ ბეილი სხვაგან რომ წასულიყო ფლორენტინოს პროექტი სრულ კრახს განიცდიდა...

უკანასკნელი ხუთი წელი უელსელისთვის ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, იგი ხშირად ტრავმებით იტანჯებოდა, რონალდუს ჩრდილქვეშ ასპარეზობდა, ესპანურის დაბალ დონეზე ცოდნის და პრესკონფერენციებზე სხვა ენაზე საუბრის მიზეზით კრიტიკის პრესის მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა და კრიშტიანუსთვის გადაცემის არ გაკეთების გამო „სანტიაგო ბერნაბეუს“ გულშემატკივრებმაც უსტვინეს. ბეილი გუნდიდან წასვლასთან ახლოს ძალიან ბევრჯერ იყო, მაგრამ „სამეფო კლუბი“ არ დაუტოვებია. მიზეზი?! მიზეზი ძალიან მარტივია,, „რეალი“ ის კლუბია, სადაც მას „ოქროს ბურთის“ მოგების ყველაზე მაღალი შანსი აქვს  და ფლორენტინო პერესს მისი დღემდე სჯერა.

პერესის პროექტი

ესპანურ მედიაში არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით ბეილი პერესის რჩეულია და ძალიან რთულია ამ აზრს შეეწინააღმდეგო. 2015 წელს, როდესაც გარეტს უსტვინეს, ფლორენტინომ იგი საჯაროდ დაიცვა. "სამეფო კლუბის" წინა ორი მწვრთნელი ისეთი სპეციალისტი იყო, რომელმაც ბეილისთვის მაქსიმალური სათამაშო დროის მიცემის სურვილი დანიშვნამდე გამოთქვა. 2015 წელს, გუნდის ახალმა თავკაცმა, რაფა ბენიტესმა, პოსტის მიღების შემდეგ პირველი რაც გააკეთა, უელსში ჩასვლა და ბეილთან შეხვედრა იყო. ზოგმა რაფას საქციელი რონალდუსთვის სილის გაწვნასთან გააიგივა. ბენიტესმა გარეტი საყვარელ პოზიციაზეც დააბრუნა, მაგრამ...

სამწუხაროდ ბეილი „რეალის“ ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, რომელსაც ბენიტესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. იანვარში რაფა გუნდიდან გაუშვეს... მისმა შემცვლელმა, ზინედინ ზიდანმა, განაცხადა, რომ კარიმ ბენზემა, გარეტ ბეილი და კრიშტიანუ რონალდუ მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებდნენ. ფლორენტინო პერესსაც ზუსტად ეს უნდოდა! მას სამი სუპერვარსკლავის ერთად ხილვის სურვილი კლავდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებულმა გამარჯვებამ „ზიზუს“ რეპუტაცია ერთიორად გაზარდა, რამაც ტრავმიანობასთან და არასტაბილურობასთან ერთად, ბეილის ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩენის პრეცედენტები მოამრავლა.

სიტუაცია განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გართულდა, სადაც უელსელის საოცარი თამაშის წყალობით „რეალმა“ „ლივერპული“ 3-1 დაამარცხა. ფინალის შემდეგ გარეტი წასვლაზე ალაპარაკდა, მაგრამ მას ზიდანმა დაასწრო. ახლა საკითხავია, შეძლებს კი ბეილი ლიდერის ფუნქციების საკუთარ თავზე აღებას?

გარეტ ბეილი

სტატისტიკა უელსელის მხარესაა. ფორმაში მყოფი ბეილი მშვენივრად ასპარეზობს და თუ მწვრთნელისგან ნდობას გრძნობს, საქმე გაცილებით უკეთ მიდის. 2015-16 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში მას 90 წუთში საშუალოდ ერთი გოლი გაჰქონდა, მომდევნო წელს ამ რიცხვმა კლება განიცადა, თუმცა შარშან უელსელმა საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელი, 0.8 დააფიქსირა. სეზონის ბოლო 6 მატჩში გარეტმა მეტოქე გუნდების კარი 7-ჯერ აიღო, რომელთა შორის ფინალში შესრულებული შესანიშნავი მაკრატელა, „ელ კლასიკოში“ შეგდებული ბურთი და „სელტას“ კარში გატანილი გოლიც იყო.

 

პერესის უტოპიურ სამყაროში, ბეილი მონაწილეობას „ლა ლიგის“ ყველა შეხვედრაში მიიღებს, გასული სეზონის საშუალო რომ ავიღოთ უელსელს 30 გოლი დაუგროვდება, რაც მშვენიერი შედეგია.  

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორია, შარშან „რეალის“ იერიშები პორტუგალიელზე იყო ორიენტირებული და იგი  მეტოქე გუნდების კარისკენ საშუალოდ 7-ჯერ ურტყავდა, როცა ბეილი მატჩში მხოლოდ 3.8 დარტყმას ახორციელებდა. წარმოიდგინეთ რა მოხდება, როდესაც გარეტი შეტევის დაგვირგვინების შანსებს მიიღებს, ამას დაუმატეთ ის, რომ უელსელი თერთმეტმეტრიანებს და ჯარიმებსაც დაარტყამს (თუ სერხიო რამოსმა ამის საშუალება მისცა). სტატისტიკური მაჩვენებლების ფონზე ლოპეტეგთან შეკამათება ნამდვილად რთულია, ბეილს უდავოდ კარგი სეზონი ექნება!

ალბათ ამ ციფრების ანალიზის შემდეგ „რეალის“ მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ სხვა გუნდის არცერთი ფეხბურთელი ბეილზე უკეთესი არ იყო და სატრანსფერო ბაზარზე ამიტომ არ აქტიურობენ, თუმცა... 

„სამეფო კლუბი“ სერიოზულ რისკზე მიდის, გუნდში ყოფნის მანძილზე უელსელს ესპანეთის ჩემპიონატში 21 შეხვედრაზე მეტი არცერთხელ ჩაუტარება, რაც „ლოს ბლანკოსის“ გულშემატკივრებისთვის იმედისმომცემი ინფორმაცია ნამდვილად არაა.

ბეილისთვის მომავალი სეზონი უმნიშვნელოვანესი იქნება, ერთის მხრივ ტრავმები, ცუდად თამაში, ჩავარდნა და შესაძლოა იგი გუნდიდან გაუშვან და მეორეს მხრივ წარმატებული ასპარეზობა და კრიშტიანუს დატოვებული ტახტი „დაპყრობა“... ცდუნება ნამდვილად დიდია და საფეხბურთო ექსპერტების უმრავლესობას უელსელის სჯერა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები