სერენამ ამერიკული ტურნირების სერია ცუდად დაიწყო - ლეგენდა ამჯერად კვიტოვასთან დამარცხდა
Aa
Aa

სერენამ ამერიკული ტურნირების სერია ცუდად დაიწყო - ლეგენდა ამჯერად კვიტოვასთან დამარცხდა

სერენა უილიამსმა WTA-ს ამერიკული ტურნირების სერია ძალიან ცუდად დაიწყო. ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ჯერ სან ხოსეს ტურნირის პირველ წრეში იოჰანა კონტასთან 1:6; 0:6 წააგო, ახლა კი ცინცინატის მასტერსს მეორე წრეში დაემშვიდობა.

სერენამ პირველ რაუნდში გაავსტრალიელებულ რუს დარია გავრილოვას მოუგო, გუშინ კი გათამაშებაზე მე-8 ნომრად განთესილ პეტრა კვიტოვასთან დაპირისპირება მოუწია.

მატჩის მცირე ფავორიტად მაინც სერენა ითვლებოდა, თუმცა გამოცდილმა ჩეხმა მას 3 სეტში - 6:3; 2:6; 6:3 აჯობა და შემდეგ წრეში კრისტინა მლადენოვიჩზე გავიდა.

უმცროს უილიამსს ცინცინატის ტურნირი 2014 და 2015 წლებში ზედიზედ აქვს მოგებული, მას შემდეგ კი აქ ნათამაშები არ ჰქონდა, შესაბამისად, კვიტოვამ ცინცინატიში მისი 12 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

თავის მხრივ, პეტრა კარგ სეზონს ატარებს და წელს ყველაზე მეტი, 5 ტიტული აქვს მოგებული. მან წარმატების მიღწევა დოჰაში, სანქტ-პეტერბურგში, პრაღაში, მადრიდსა და ბირმინგემში შეძლო.

ამასთანავე, კვიტოვამ სეზონში მე-40 გამარჯვება მოიპოვა, რითაც მხოლოდ სიმონა ჰალეპის მაჩვენებელს ჩამორჩება. მსოფლიოს პირველი ჩოგნის ანგარიშზე 42 მოგებული შეხვედრაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები