მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე, რომელსაც სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს
Aa
Aa

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე, რომელსაც სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს

„ბილბაო“ კეპა არისაბალაგას სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღებაზე ალბათ ვერასდროს იოცნებებდა. გოლკიპერის თავდაპირველი კონტრაქტი ზაფხულის ბოლოს იწურებოდა და იანვარში ბასკებმა იგი „რეალს“ კინაღამ 20 მილიონ ევროდ დაუთმეს. გარიგება ზინედინ ზიდანმა ჩაშალა, ფრანგი სპეციალისტის გეგმებში სეზონის შუა ნაწილში კეილორ ნავასის სათადარიგო სკამზე გადაყვანა ნამდვილად არ შედიოდა და ამასთან ერთად, „ზიზუს“ ფეხბურთელებს შორის არსებული ჰარმონიის დარღვევა არ სურდა.

საბოლოოდ „ბილბაოს“ წარმომადგენლებმა კეპა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე დაიყოლიეს და ხელშეკრულებაში მის გამოსასყიდ თანხად ასტრონომიული რიცხვები მიუთითეს. ბასკთა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რომან აბრამოვიჩისთვის დაბრკოლებას არაფერი წარმოადგენს და „ლონდონის ჩელსიმ“ „ბილბაოს“ კიპერი 72 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაიფორმა. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ამ ტრანსფერით, „არისტოკრატების“ გარდა ყველამ იხეირა. მივყვეთ ამ შეხედულებას და „რეალის“ მაგალითი განვიხილოთ.

„სამეფო კლუბმა“ ნავასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო და ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი, 26 წლის, ტიბო კურტუა, გადმოიბირა. ბელგიელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, მან „ატლეტიკოში“ და „ჩელსიში“ მშვენივრად იასპარეზა და „როხიბლანკოსის“ მაისურით 2012 წელს ევროპა ლიგა მოიგო, რასაც 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიაყოლა, რაც შეეხება ლონდონში გატარებულ პერიოდს, „ლურჯებთან“ ერთად ტიბო პრემიერ ლიგის და ასოციაციის თასის მფლობელი გახდა. კურტუას ეროვნულ გუნდშიც ენდობიან, ნაკრების შემადგენლობაში მას მონაწილეობა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მიღებული და „წითელი ეშმაკების“ კარი 65 შეხვედრაში დაიცვა, შედარებისთვის 23 წლის კეპას ერთადერთი ტიტული აქვს მოპოვებული - იგი 19 წლამდელთა ასაკში ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორია. „ლა ლიგაში“ არისაბალაგამ „ბილბაოს“ მაისური 53 შეხვედრაში მოირგო, თუმცა ევროპა ლიგაზე ბასკებმა კარის დაცვა იაგი ერერინს ანდეს. კეპას „ფურია როხას“ რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და წლევანდელ მუნდიალზე მესამე მეკარის სტატუსით იყო წასული.

ოქტომბერში კეპა 24-ის გახდება, იგი კურტუაზე 2 წლით პატარაა და „ჩელსიმ“ მასში ბელგიელის სანაცვლოდ მიღებულ თანხაზე ორჯერ მეტი გადაიხადა, როგორც ჩანს ლონდონში არისაბალაგას მიმართ „ზედმეტად“ ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

კეპას აღზევება

„ჩელსის“ ახალწვეულს აწ უკვე „ლივერპულის“ მეკარესთან, ალისონთან, საერთო მხოლოდ ერთი რამ აქვს, ორივეს რეპუტაცია ძალიან სწრაფად გაიზარდა( გარდა იმისა, რომ არისაბალაგამ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეთა სიაში სწორედ ალისონს გაადაასწრო). როდესაც ბრაზილიელი ნაკრებში გამოიძახეს მის შესახებ არავინ არაფერი ეცოდა, ამ ყველაფერს სულ მალე „სელესაოს“ ძირითადი მეკარის სტატუსის მოპოვება და „რომაში“ გადასვლა მოჰყვა.

კეპა „ბილბაოს“ მაისურით 10 წლის ასაკიდან გამოდის. მან კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა და ძირითად გუნდთან ვარჯიში 2012 წელს ბიელსას მთავარი მწვრთნელობის პერიოდში დაიწყო.

გოლკიპერმა მნიშვნელოვანი გამოცდილება ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბებში, „პონფერადინაში“ და „ვალიადოლიდში“ იჯარით ყოფნისას მიიღო, რასაც 2016 წელს, „ლა ლიგაში“ ჩატარებული სადებიუტო შეხვედრა მოჰყვა. ერნესტო ვალვერდე გორკა ირაისოსით უკმაყოფილო იყო და გოლკიპერების აქტიურ როტაციას მიმართა, არისაბალაგამ თავის გამოჩენა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება სწორედ ამის შემდეგ მოახერხა. 2016-17 წლების სეზონის ბოლოს იგი ამომავალ ვარსკლავად იქცა, რომელზეც ესპანური პრესა ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად ყველაფრისა მისი თამაში სრულყოფილი ახლაც არაა.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა, ნედიკა რიომ, ერთ-ერთ სტატიაში კეპას პლუსები და მინუსები იდეალურად აღწერა: „კეპა ნიჭიერი მეკარეა, იგი ურთულეს ბურთებს იღებს და ამას ისე აკეთებს, თითქოს ძალიან ადვილი იყოს. მას საოცარი რეფლექსები და პოზიციის შერჩევის უნარი აქვს. იგი თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტირებული გოლკიპერია, რომელსაც იერიშის ზუსტი პასით წამოწყება მშვენივრად გამოსდის. კეპა საკუთარ თავს იდეალურად აკონტროლებს და დაძაბულ სიტუაციაში ნერვების მოთოკვა შეუძლია“.

ესპანელი ჟურნალისტი სტატიაში გოლკიპერის უარყოფით თვისებებზე საუბრისას აცხადებს: „კეპას განვითარება რამდენიმე საფეხბურთო ასპექტში მართებს. განსაკუთრებით ცუდად იგი ჩაწოდებებისას გამოიყურება და როდესაც კარის ხაზს სცდება, იბნევა“. 

ეს ყველაფერი შარშანდელ სეზონში იდეალურად გამოჩნდა და „ბილბაომ“ სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულა, ბუნებრივია, როდესაც გუნდი ასეთ შედეგს აფიქსირებს, რაღაც ბრალი მეკარესაც მიუძღვის.

„რეალში“ ჩაშლილ ტრანსფერს კეპაზე დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია, თუმცა მისი კონცენტრაციის უნარი სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. მან რამდენიმე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ყველაზე ცუდად „ლევანტეს“ წინააღმდეგ იასპარეზა. აღნიშნულ შეხვედრაში არისაბალაგამ 2 აბსოლუტურად უაზრო გოლი გაუშვა, რომელიც მის პოზიციურ შეცდომას მოჰყვა... არადა იმ მატჩში „ბილბაო“ ერთბურთიან უპირატესობა ფლობდა. აღნიშნული შეცდომები ბასკების გულშემატკივრებმა ადვილად დაივიწყეს, რადგან კეპა მათი კუმირი გახლდათ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ლონდონში ყველაფერი სხვანაირად იქნება.

 

"ლურჯების" გამოწვევა

„ჩელსიში“ ყველაფერი სხვანაირად იქნება რადგან კურტუას დონის მეკარის ჩანაცვლება იოლი საქმე ნამდვილად არაა. განსხვავებით „ბილბაოსგან“ „ნისლიან ალბიონზე“ შეცდომებს არავინ გაპატიებს და თითოეულ ცუდად ჩატარებულ მატჩს სერიოზული კრიტიკა მოჰყვება. კეპას ყოფილ მწვრთნელს, მიგელ ანხელ პორტუგალს სჯერა, რომ ესპანელ კიპერს ლონდონურ გუნდში სერიოზული პრობლემები არ ექნება: „იგი თავდაჯერებული ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ ახალ გამოწვევას უპრობლემოდ გაუმკლავდება“.

ერთი რამ ცხადია, მაურიციო სარი არისაბალაგას მხარს აუცილებლად დაუჭერს! ამ უკანასკნელს მისი საკუთარ გუნდში ხილვა ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ყოფნისას სურდა: „კეპა პირველად რამდენიმე წლის წინ ვნახე და მაშინვე ვიფიქრე, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი იყო“.

კეპა არისაბალაგას სიტუაცია „მანჩესტერში“ დე ხეას ტრანსფერს მოგვაგონებს. ესპანელმა სადებიუტო სეზონში „წითელი ეშმაკების“ მაისურით ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა და კრიტიკის ობიექტად არაერთხელ იქცა, თუმცა მას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთსო მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი, ჰყავდა. კეპასთან მიმართებით ყველაფერი გაცილებით რთულადაა, სარი ფერგი არაა და განსხვავებით „მანჩესტერისგან“, რომელსაც შოტლანდიელის მწვრთნელობის პერიოდში ჩავარდნა თითქმის არ ჰქონია, „ჩელსის“ წინა სეზონი, შემადგენლობიდან გამომდინარე სრული კატასტროფა იყო. არავინ იცის რა მოხდება, მაგრამ ლონდონში ახალგაზრდა კიპერის შესაძლებლობებში რომ დარწმუნებულები არიან ფაქტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები