პეპ გუარდიოლა:
Aa
Aa

პეპ გუარდიოლა: "მენდი მენდია! ხანდახან მისი მოკვლა გვინდა"

"არსენალთან" დაპირისპირების შემდეგ პეპ გუარდიოლამ ბენჟამინ მენდიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან მუშაობა ადვილი ნამდვილად არაა. ფრანგმა მცველმა „მეთოფეების“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შესანიშნავად იასპარეზა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ პეპმა მენდის თამაში შეაქო, თუმცა სოციალური ქსელებისთვის ნაკლები ყურადღების დათმობისკენ და კონცენტრაციის საკუთარ განვითარებაზე გადატანისკენ მოუწოდა.

„მენდი მენდია! ხანდახან მისი მოკვლა გვინდა და ზოგჯერ ბენჟამინის თამაშით გაოცებულები ვართ. იგი ყოველთვის აქტიურია და გუნდს მუდამ ენერგიას მატებს. მას პროგრესის მიღწევა ბევრ ასპექტში მართებს, იმედი მაქვს დავარწმუნებთ, რომ სოციალურ ქსელებს ნაკლები დრო დაუთმოს და საკუთარ განვითარებაზე მეტად იზრუნოს“.

მენდიმ, რომელმაც „სიტის“ ქომაგების გულები სოციალური ქსელების მეშვეობით დაიპყრო, გუარდიოლას „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული ორი პოსტით უპასუხა, პირველში მან ასეთა რამ განაცხადა: „უუუუპს“, ხოლო მეორეში ესპანელ სპეციალისტს მომავლის იმედი „ჩაუსახა“ – „გპირდები ვიზამ“.

მენდის სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, მატჩის შემდეგ მან „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა: „მშვენიერი გამარჯვება მოვიპოვეთ! ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არაა, ჩვეული ფორმის და ფიზიკური კონდიციების დაბრუნება აუცილებლად მომიწევს! ( ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა) დიდი მადლობა გამოჩენილი სიყვარულისთვის“.

„არსენალთან“ დაპირისპირების შემდეგ გუარდიოლამ შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „ემირეითსზე სტუმრად თამაში ადვილი არასდროსაა, განსაკუთრებით თუ „არსენალის“ ახალი მწვრთნელი თავის პირველ შეხვედრას ატარებს“.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფეხბურთელები სათანადო ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფებიან, მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები