გორგოძე-ფანტასტიკა! - ქართველმა ფავორიტი გაანადგურა და ზედიზედ მე-2 ტურნირი მოიგო!
Aa
Aa

გორგოძე-ფანტასტიკა! - ქართველმა ფავორიტი გაანადგურა და ზედიზედ მე-2 ტურნირი მოიგო!

გერმანიის პატარა ქალაქ ჰეხინგენის 60 000-იანი ქალთა საჩოგბურთო ტურნირი ეკატერინე გორგოძის ტრიუმფით დასრულდა! ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალურ მატჩში აღიარებული ფავორიტი და გათამაშებაზე მე-5 ნომრად განთესილი, გერმანელი, ლორა ზიგმუნდი გაანადგურა - 6:2; 6:1.

პირველი სეტის სტარტზე ეკო აშკარა უპირატესობას ფლობდა და მეტოქე მარწუხებში მოაქცია, რამაც შედეგად 2 ბრეიკით მოგებული პარტია და მეორე სეტის საკუთარი მოწოდებით დაწყება მოიტანა.

მეორე პარტიის საწყისი გეიმები ძალიან დაძაბული გამოდგა და ქართველის მიერ შესრულებული ბრეიკი ზიგმუნდმა მომენტალურად გაქვითა, რასაც შემდეგ გეიმში დიდი ბრძოლა და უკვე ეკოს ბრეიკი მოჰყვა. ამის შემდეგ 26 წლის ქართველს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და სატიტულო შეხვედრა არასაფინალო ანგარიშით დაასრულა.

გორგოძეს არც ეისი ჰქონია და არც - ორმაგი შეცდომა. სამაგიეროდ, სტაბილურად აწვდიდა და პირველი ცდიან ბურთი თამაშში 60-დან 50 შემთხვევში შეიყვანა. პირველ მოწოდებაზე ქულების 66% (50-დან 33), ხოლო მეორეზე 50% (10-დან 5) მოიგო.

ფინალის დასრულების შემდეგ კორტზე Stand Up (For The Champions) აჟღერდა და გერმანელი ქომაგი ქართველ ჩემპიონს ფეხზე წამოუდგა!

საქართველოს პირველმა ჩოგანმა საკმაოდ ძლიერი და მაღალი დონის მოწინააღმდეგე დაამარცხა. ზიგმუნდი 30 წლისაა და 2016 წლის აგვისტოში მსოფლიოს 27-ე ჩოგანი გახლდათ (ამჟამად 182-ეა). გამოცდილი ალემანის საყვარელი საფარი სწორედ თიხაა, საყვარელი ტურნირი კი შტუტგარტის პრესტიჟული გათამაშება. ზიგმუნდი შტუტგარტის ტურნირის ფინალში 2016 წელს ანგელიკ კერბერთან დამარცხდა, 2017-ში კი ჟანის, კუზნეცოვას, კაროლინა პლიშკოვას, ჰალეპისა და მლადენოვიჩის დამარცხების შემდეგ საერთოდ ჩემპიონობა იზეიმა.

ზოგადად, ზიგმუნდს 2017 წელი საუკეთესო ჰქონდა და სხვებთან ერთად ვენუს უილიამსის, აგნეშკა რადვანსკას, იოჰანა კონტასა და ლუსი საფაროვას დონის მეტოქეთა დამარცხება შეძლო. ისიც საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში იგი მხოლოდ თიხის საფაროვან კორტებზე ასპარეზობს და ჰეხინგენის ტურნირიც სწორედ ამ საფარზე გაიმართა...

საგულისხმოა, რომ გამოცდილი ჩოგბურთელის ამჟამინდელ საცხოვრებელ ქალაქად შტუტგარტია მითითებული, ჰეხინგენი კი ამ საკმაოდ დიდი ქალაქიდან მხოლოდ 60 კილომეტრითაა დაშორებული. ასე რომ, გორგოძემ მოწინააღმდეგეს თითქმის მისსავე ეზოში მოუგო!

გორგოძემ პროფესიონალურ კარიერაში მე-15 ტიტული დაისაკუთრა, უშუალოდ წელს კი მე-3 ჩემპიონობა იზეიმა. მან ივლისში ასტანას 80 000-იანი გათამაშების ჩემპიონობა მოიპოვა და ახლა ანგარიშზე ზედიზედ 10 მოგებული მატჩი აქვს. 

ეკომ, რომელიც ტურნირზე მე-6 ნომრად იყო განთესილი, ჰეხინგენში ზედიზედ 4 მასპინძელი დაამარცხა, ჯამში კი მხოლოდ 1 სეტი დათმო, რომელიც მან კატარინა ჰოგბარსკისთან წააგო, დანარჩენ მატჩებში კი ჯულია მონტიჩონეს, ანნა გაბრიჩს, ანნა ზაიასა და ლორა ზიგმუნდს აჯობა.

იგი ამ გამარჯვებისათვის 80 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც ხვალ გამოსაქვეყნებელ WTA-ს ახალ რეიტინგში 27 ადგილით დაწინაურების საშუალებას მისცემს და მსოფლიოს 168-ე ჩოგანი გახდება, ეს კი მისთვის პირადი რეკორდია.

ეკატერინე გორგოძის შემდეგი ტურნირი უკვე ამერიკის ღია პირველობა იქნება, რომელიც მისთვის სადებიუტო დიდი სლემის გათამაშებაა. ქართველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ამ სტადიის მატჩები კი 21-დან 24 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ასევე იხილეთ - crystalsport-ის ექსკლუზიური ვიდეო-ინტერვიუ ეკო გორგოძესთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები