2 ქართული ფინალი გერმანიაში! - შაფათავა წყვილებში, გორგოძე - ერთეულებში...
Aa
Aa

2 ქართული ფინალი გერმანიაში! - შაფათავა წყვილებში, გორგოძე - ერთეულებში...

ქართველმა ჩოგბურთელმა, სოფია შაფათავამ და მისმა მეწყვილემ, ქსენია პალკინამ, გერმანიის ქალაქ ჰეხინგენში მიმდინარე 60 000-იან ტურნირზე წყვილთა შორის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ქართულ-ყირგიზულმა დუეტმა ფინალამდე სეტის წაუგებლად მიაღწია, სატიტულო მატჩში კი მონოვა/სლამკოვას მე-2 ნომრად განთესილ წყვილს შეხვდება. შაფათავასა და პალკინას უპირატესობა ისაა, რომ მათ გასულ წელს ერთობლივად ტურნირი მოიგეს და საკმაოდ კარგად არიან შეთამაშებული, მათ მოწინააღმდეგეებს კი ერთობლივი ტიტული არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ შაფათავამ ეს გათამაშება გასულ წელს მოიგო, თუმცა ის მაშინ სხვა პარტნიორთან, იტალიელ კამილა როზატელოსთან ერთად თამაშობდა.

სოფია შაფათავა ბოლო პერიოდში წყვილთა შორის გაცილებით ინტენსიურად ასპარეზობს და 2018 წელს უკვე 4 ტურნირი მოიგო, ჯამში მას კარიერაში წყვილთა შორის 24 ტიტული აქვს მოპოვებული. 

შეგახსენებთ, რომ ჰეხინგენის ტურნირის ერთეულთა ფინალში კიდევ ერთი ქართველი, ეკატერინე გორგოძე ითამაშებს, რომელიც ხვალ ადგილობრივ ლორა ზიგმუნდს დაუპირისპირდება.

წყვილთა გათამაშების ფინალური მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზეა ჩანიშნული, ერთეულთა სატიტულო შეხვედრა კი სწორედ აღნიშნული თამაშის დასრულებისთანავე დაიწყება.

ასე რომ, ხვალ გერმანიაში ორი ქართული ფინალია და ვისურვოთ, რომ დიდი ქვეყნის პატარა ქალაქში მიმდინარე გათამაშებაზე ტიტული პატარა ქვეყნის, საქართველოს ორ წარმომადგენელს დარჩეს, წყვილებში - შაფათავასა და პალკინას, ერთეულებში კი - ეკო გორგოძეს!..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები