გაუტანს ებრალიძე კასილასს? - 26 წლის ქართველი ''პორტუს'' წინააღმდეგ
Aa
Aa

გაუტანს ებრალიძე კასილასს? - 26 წლის ქართველი ''პორტუს'' წინააღმდეგ

პორტუგალიური გამოცემა record-ი პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი ტურის შესახებ წერს. ''პორტუ'' საკუთარ მოედანზე ''შავეშის'' შეხვდება. აღნიშნული გამოცემის აზრით ''შავეშის'' მხრიდან ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი ავთო ებრალიძე იქნება, რადგან მან მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად ჩაატარა.

პორტუგალიური მედიის ცნობით ''პორტუს'' სასტარტო შემადგენლობაში ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერ კასილასი ითამაშებს. record-ის ცნობით ''შავეშის'' ფეხბურთელთაგან 26 წლის ავთო ებრალიძე ყველა აქტიური იქნება, რაც ამხანაგურ მატჩებში ნათლად გამოჩნდა.

ჩემპიონატის დაწყებამდე ებრალიძე crystalsport-ს ესაუბრა: ''ჩვენთვის არასასურველი კალენდარია, რადგან საწყის ექვს ტურში ''პორტუსთან'', ''ბენფიკასთან'', ''ბრაგასთან'' და ''ბოავიშტასთან'' თამაში გვიწევს. პირველ ტურში ფავორიტად ''პორტუ'' მიიჩნევა, თუმცა შეგვიძლია ქომაგს სიურპრიზი შევთავაზოთ და თუნდაც 1 ქულა მოვიპოვოთ. ვფიქრობ კარგი თამაში გამოვა. ''დრაგაო'' შესანიშნავი არენაა, სადაც კარგი ატმოსფეროა და გულშემატკივარი საფეხბურთო სპექტაკლს იხილავს. იმედი მაქვს ''პორტუს'' ''დრაგაოზე'' გავუტან.''

შეგახსენებთ, ავთო ებრალიძემ გასული სეზონი რანგით მეორე ლიგის ''ვიზეუში'' გაატარა, მიმდინარე ზაფხულს კი ''შავეშის'' ფეხბურთელი გახდა. მას პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ''ჟილ ვისენტეს'' შემადგენლობაში ორი სეზონი უთამაშია.

''პორტუსა'' და ''შავეშის'' შეხვედრა თბილისის დროით, 12 აგვისტოს 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები