ყველაფერი, რაც გუშინ პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში გამოგრჩათ

გუშინ სტარტი პრემიერ ლიგის ახალმა სეზონმა აიღო, პირველ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერმა“ „ლესტერს“ 2-1 სძლია.

მესამე წუთზე ანგარიში პოლ პოგბამ, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნა, ლუკ შოუმ „წითელი ეშმაკების“ მაისურით კარიერის მეორე გოლი შეაგდო, „ლესტერმა“ ერთი ბურთის გაქვითვა 92-ე წუთზე მოახერხა, მანჩესტერელთა კარი ჯეიმი ვარდიმ აიღო.

პოგბამ სანჩესს თერთმეტმეტრიანი არ დაარტყმევინა

„ლესტერის“ კარში პენალტი ალექსის სანჩესის აქტიურობის შედეგად დაინიშნა და როგორც ჩანს ჩილელ ფეხბურთელს მისი შესრულება თავად უნდოდა, თუმცა საქმეში პოლ პოგბა ჩაერთო და ახლადმოპოვებული კაპიტნის სამკლაური სათავისოდ გამოიყენა. სანჩესთან მცირე დისკუსიის შემდეგ პენალტი სწორედ ფრანგმა ფეხბურთელმა შეასრულა.

ჟოზეს მეხუთასე

პოლ პოგბას შედეგიანი პენალტი ჟოზეს კარიერაში მისი გუნდების მიერ პრემიერ ლიგის ეგიდით გატანილი მეხუთასე გოლი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდების შეგდებული 501 ბურთიდან „მანჩესტერზე“ 124, ხოლო „ჩელსიზე“ 377 მოდის.

პოგბას უცნაური პენალტი

ფრანგმა ნახევარმცველმა პენალტის შესრულებას საკმაოდ დიდი დრო მოანდომა. პოგბას გამორბენი ალბათ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ნელი იყო. ბუნებრივია ამას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა პოლს დასცინა კიდეც.

გარი ნევილი გაწუწეს

„იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი, „ოლდ ტრაფორდზე“ Sky sports-ის კომენტატორის სტატუსითი იმყოფებოდა. მას პირდაპირ ეთერში ჩართვა კელი კეიტსთან ერთად, მინდვრიდან მოუწია, თუმცა ყველაფერი არც თუ ისე კარგად წარიმართა და ბალახის სარწყავმა სისტემამ „იუნაიტედის“ ლეგენდა დაასველა.

გახსნით მატჩს გარეტ საუთგეიტი დაესწრო

ინგლისის ნაკრების თავკაცი, გარეტ საუთგეიტი, პრემიერ ლიგის გახსნით მატჩს დაესწრო და მომდევნო თვეში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, ეროვნულ გუნდში გამოძახების კანდიდატების თამაშს დააკვირდა.

საუთგეიტი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის, გვერდით იჯდა.

„მელიების“ ანტირეკორდი

ზედიზედ მესამე წელია „მელიები“ პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში იღებენ მონაწილეობას. „ლესტერმა“ ყველა შეხვედრა წააგო და სამივე დაპირისპირებაში ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ის გუნდი გახდა, რომელმაც ახალ სეზონში საკუთარ კარში გოლი პირველმა მიიღო.

მოურინიო ტრადიციას არ ღალატობს

„ლესტერისგან“ განსხვავებით, ჟოზე ტრადიციულად, პრემიერ ლიგას დადებით ნოტაზე იწყებს. პირველ ტურში პორტუგალიელის თავკაცობით გუნდებმა 10 შეხვედრა ჩაატარეს, ბალანსი კი ნამდვილად გასაოცარია - 9 მოგება, 0 წაგება, 1 ფრე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები