გორგოძე გერმანიაში - სრული სვლით მორიგი ტიტულისკენ!
Aa
Aa

გორგოძე გერმანიაში - სრული სვლით მორიგი ტიტულისკენ!

საქართველოს პირველი ჩოგანი, ეკატერინე გორგოძე შტუტგარტის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ჰეხინგენში იმყოფება და იქაურ ტურნირში მონაწილეობს. გათამაშების საპრიზო ფონდი 60 000 ამერიკული დოლარი გახლავთ, შეხვედრები კი თიხის საფარზე იმართება.

26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ასტანაში მოგებული ტიტულის შემდეგ, გერმანიაშიც ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და დღეს 1/2 ფინალურ შეხვედრას ჩაატარებს. ეკომ პირველ რაუნდში იტალიელი, ჯულია გატო-მონტიჩონე დაამარცხა, 1/8 ფინალში ახალგაზრდა გერმანელ ანა გაბრიჩს აჯობა, 1/4 ფინალურ სტადიაზე კი ასევე გერმანელ კატარინა ჰობგარსკისთან 3 სეტიანი ბრძოლა გადაიტანა.

გორგოძესთან ერთად, ჰეხინგენის ტურნირის 1/2 ფინალში გერმანელებმა გააღწიეს - ლორა ზიგმუნდმა, ტამარა კორპაჩმა და ანნა ზაიამ. ეკოს დღევანდელი მოწინააღმდეგე სწოედ ზაია იქნება, რომელიც 27 წლისაა და ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 206-ე ადგილზეა, საუკეთესო შედეგი კი კლასიფიკაციის 191-ე საფეხური გახლავთ.

გორგოძისა და ზაიას შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება და მისი ყურება ITF-ის ოფიციალური საიტის მეშვეობით გვექნება. ჩოგბურთელები ერთმანეთთან პირველ ურთიერთდაპირისპირებას გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები