Aa
Aa

"საქართველოს გაუმარჯოს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ტოჩინოშინთან

„ნაცუ ბაშოს“ დასრულების შემდეგ იაპონიის სუმოს ასოციაციამ ლევან გორგაძეს სუმოს იერარქიაში რიგით მეორე, ოძეკის, წოდება უბოძა. ტოჩინოშინი მესამე ევროპელი და პირველი ქართველი სეკიტორი გახდა, რომელიც იოკოძუნას შემდეგ უმაღლეს რანგს დაეუფლა.

სამწუხაროდ ახლად აღზევებული სუმოისტისთვის ოძეკის სტატუსით გამართული პირველი ბაშო წარუმატებელი გამოდგა, ტურნირის საოცრად დაწყების და ზედიზედ 5 შეხვედრის მოგების შემდეგ, ლევანი აღმოსავლეთის კომოსუბთან, ტამავაშისთან დამარცხდა და მისთვის ეს წაგება საბედისწერო გამოდგა. ტოჩინოშინმა მონღოლ სუმოისტთან ორთაბრძოლისას მარჯვენა ფეხის თითებს შორის მყესი გაიწყვიტა და ტურნირის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

საბოლოოდ ლევანმა „ნაგოია ბაშო“ უარყოფითი ბალანსით დაასრულა და ახლა იგი „კადობანის“ სტატუსს ატარებს, თუ ტოჩინოშინმა შემდეგ ტურნირზე 8 ორთაბრძოლის მოგება ვერ მოახერხა, დაქვეითება არ ასცდება.

ლევან გორგაძემ ამ და სხვა საკითხებზე ექსკლუზიურად Crystalsport.ge-სთან ისაუბრა. გთავაზობთ ტოჩინოშინის ინტერვიუს.

პირველ რიგში გვინდა ტრავმის შესახებ გკითხოთ. რა მდგომარეობაა ამჟამად და როდის იქნებით 100%-ით მზად?

"მოგესალმებით, ფეხის ტრავმა უკეთ მაქვს, ვარჯიში დავიწყე, ჭიდაობით ჯერ ვერ ვჭიდაობ, სპარინგებს ვერ ვატარებ, მაგრამ ვარჯიში განვაახლე, ფიზიკურად ვემზადები და 13 აგვისტომდე შეკრებაზე ვიმყოფები. შეკრების შემდეგ ყველასთან ერთად საჩვენებელ გამოსვლებში ჩავერთვები".

ტოკიოში სამივე იოკოძუნა გამოვა, კისენოსატოც ბრუნდება. რა იქნება თქვენი მინიმუმი და მაქსიმუმი მომდევნო "აკი" ბაშოზე?

"მომავალ ბაშოზე ჩემი მინიმუმი 8-7 ბალანსის დაგროვება იქნება, რათა ოძეკის ტიტული არ დავკარგო, მაქსიმუმი რაც შეიძლება მეტი გამარჯვების მოპოვება და დიდი დადებითი ბალანსის დაგროვება იქნება".

რამდენიმე კვირის წინ ტაივანში სამოყვარულო მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოც მონაწილეობდა. 2 ბრინჯაოს მედლით დავბრუნდით. აპრილში კი ევროპირველობაზე 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოვიპოვეთ. რომელიმე ქართველ სუმოისტს ხომ არ გამოარჩევდით პროფესიონალურ დონეზე?

"რა თქმა უნდა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მედლებით დაბრუნება საკმაოდ სასიხარულო ფაქტია. ვფიქრობ სამომავლოდ სუმოში წინსვლა უფრო გაიზრდება და იმედი მაქვს მეტი წარმატება იქნება. დღესდღეობით ბიჭებს სავარჯიშო დარბაზი არ გააჩნიათ და შესაბამისი პირობები არ აქვთ, მიუხედავად ამისა წარმატებას მაინც აღწევენ. ვფიქრობ მომავალში თუ პირობები იქნება, წარმატებების რაოდენობაც გაიზრდება".

როგორი ურთიერთობა გაქვთ იოკოძუნებთან?

"რა თქმა უნდა დოჰიოს გარეთ ვმეგობრობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს, დოჰიოზე კი რაც ხდება თავად მოგეხსენებათ".

რომელია თქვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე დოჰიოზე? არ ვგულისხმობთ მხოლოდ იოკოძუნებს.

"ჩემთვის უხერხული მეტოქეები ტანით პატარა სუმოისტები არიან, მნიშვნელობა არ აქვს ისინი წარმატებით ასპარეზობენ თუ არა, მათთან ბრძოლა ყოველთვის მიჭირს, შოდაისთან დასანანი მარცხი ამის მშვენიერი მაგალითია".

ყველამ იცის, რომ თქვენი საყვარელი ილეთი მავაშში ჩავლებაა. ბრძოლის წინ, რამდენად ხშირად ირჩევთ ტაქტიკას მეტოქიდან გამომდინარე?

"ტაქტიკას ყოველი ბრძოლის დაწყებამდე ვირჩევ და თითოეული დაპირისპირების წინ განსაკუთრებულად ვემზადები, რასაც ერთი მიზანი აქვს, ვგეგმავ ჩემთვის ხელსაყრელი მომენტი როგორ გამოვიყენო და რომელ მოწინააღმდეგეს მავაში როდის ავუღო".

ახლახანს საქართველოში დევების ბაშო გაიმართა. თქვენი აზრით რა პერსპექტივა აქვს სუმოს ჩვენს ქვეყანაში?

"ჩემთვის ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება ძალიან სასიხარულოა. მომავალი თაობის სუმოთი დაინტერესება მისასალმებელია და ამ სპორტით, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება, საქართველოს მით მეტი სპორტსმენი ეყოლება".

ადრე ძიუდოისტი იყავით. ძალების სუმოში მოსინჯვა რამ გადაგაწყვეტინათ?

"მოგეხსენებათ იაპონიაში მოყვარულთა შორის გამართულ სუმოს მსოფლიო ჩემპიონატზე სამჯერ ვიჭიდავე და ამ სპორტის მიმართ ინტერესი აქედან გამიჩნდა. პროფესიონალურ სუმოში ოფიციალურად 2006 წლის მარტიდან ჩავერთე",

რა არის ტოჩინოშინის ჰობი? სპორტის სხვა სახეობებისთვის თვალის მიდევნება თუ გიყვართ?

"ბევრი რაღაცის კეთება მიყვარს, ერთს გამოვარჩევ, ნადირობა მიყვარს ძალიან, თუმცა პირობების და გრაფიკის გამო სანადიროდ წასვლას ხშირად ვერ ვახერხებ. ზოგადად სპორტი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ძიუდოს გამოვარჩევდი, ამ სახეობას ყოველთვის თვალს ვადევნებ და ჩვენს ბიჭებს მუდამ ვგულშემატკივრობ, ძიუდოსთან ერთად ჭიდაობის სხვა სახეობების ყურებაც მსიამოვნებს".

რას ეტყვით მრავალრიცხოვან ქართველ გულშემატკივარს, რომელიც თქვენს თითოეულ გამოსვლას დიდი მოლოდინით ელის?

"პირველ რიგში მინდა თითოეულ გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ასევე იმ ადამიანების მადლიერი ვარ, რომელთა წყალობით დამატებითი ძალა მეძლევა და თითოეულ მოწინააღმდეგეს მეტი შემართებით ვხვდები. მომავალში და სანამ ამ სპორტში ვიქნები, ჩემი გულშემატკივრების გასახარებლად ძალებს არ დავზოგავ. გვერდით დგომისთვის ყველას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი, საქართველოს გაუმარჯოს"!!!

ლევან აგვისტოს ომის 10 წლისთავია დღეს და ქვეყნისთვის ამ მტკივნეული თარიღის შესახებ რამეს ხომ არ იტყოდით?

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით.... ალბათ ამ დღეს ვინც მოვესწარით, არასდროს დაგვავიწყდება. ჩემს მეხსიერებაში და ქვეყნის ისტორიაში ეს დღე მტკივნეულ თარიღად დარჩა. იმ ბიჭების სულის დიდება ყოფილიყოს, ვინც საქართველოს შეწირა თავი.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ცხელი ამბები