მოდრიჩი ''ინტერს'' შეუთანხმდა - ხორვატი ესპანურ გრანდს ტოვებს
Aa
Aa

მოდრიჩი ''ინტერს'' შეუთანხმდა - ხორვატი ესპანურ გრანდს ტოვებს

იტალიური calciomercato-ს ცნობით მადრიდის ''რეალის'' ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მილანის ''ინტერის'' წინადადებას დათანხმდა. 32 წლის ხორვატი ლუჩიანო სპალეტის გუნდში თავის როლს ხედავს.

ტრანსფერის განხორციელებისას ერთადერთ სირთულეს ფლორენტინო პერესთან შეთანხმება წარმოადგენს.

ინფორმაცია მოდრიჩის ''ინტერში'' გადასვლასთან დაკავშირებით Skysports-ის ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. მისი თქმით ხორვატ ფეხბურთელს მილანურ გუნდში თამაში სურს, calciomercato-ს ცნობით კი ''ინტერსა'' და მოდრიჩს შორის შეთანხმება შედგა.

ოთხშაბათს ლუკა მოდრიჩი ''რეალის'' პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდება. თუ პერესი ფეხბურთელს მწვანე შუქს აუნთებს, ესპანური გრანდისთვის ზიდანისა და რონალდუს შემდეგ მოდრიჩი რიგით მესამე დანაკარგი იქნება.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ ''რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პოსტი დატოვა. ფრანგი სპეციალისტი ხულენ ლოპეტეგიმ შეცვალა. ზიდანის წასვლას რონალდუს ტურინის ''იუვენტუსში'' ტრანსფერი მოჰყვა. მოდრიჩის სერია-ში გადაბარგების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონატის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.

გასულ მუნდიალზე ხორვატიის ნაკრებმა ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც საფრანგეთთან დამარცხდა. მოდრიჩი ხორვატთა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მისმა თამაშმა ზლატკო დალიჩის გუნდის წარმატებას ხელი შეუწყო.

ზაგრების ''დინამოსა'' და ''ტოტენჰემის'' ყოფილმა ნახევარმცველმა გასული ექვსი სეზონი მადრიდის ''რეალში'' გაატარა. მოდრიჩი ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ერთხელ კი ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები