10 ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერ ლიგის ახალ სეზონში დასამტკიცებელი ბევრი რამ აქვს
Aa
Aa

10 ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერ ლიგის ახალ სეზონში დასამტკიცებელი ბევრი რამ აქვს

პრემიერ ლიგის ახალი სეზონი სტარტს 10 აგვისტოს, „მანჩესტერისა“ და „ლესტერის“ დაპირისპირებით აიღებს. Daily Mail-მა იმ 10 ვარსკლავური სტატუსის მქონე ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელსაც 2018-19 წლების სეზონში ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს.

პოლ პოგბა

პოგბას 2017-18 წლების სეზონი არასტაბილურობის იდეალური მაგალითია. ჩაგდებულმა შეხვედრებმა და მოურინიოსთან დაპირისპირებამ, პოლის კარგი თამაში გადაფარა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მუნდიალზე რადიკალურად განსხვავებული პოგბა ვიხილეთ.

ფრანგი ნახევარმცველის მთავარი გამოწვევა ხორვატიასთან და ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ფორმის შენარჩუნებაა.

მოურინიოს გუნდში ლიდერის ფუნქციების მორგება ადვილი ნამდვილად არ იქნება, განსაკუთრებით თუ „წითელი ეშმაკების“ საშინელ წინასასეზონო ტურნეს გავითვალისწინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ 25 წლის ფეხბურთელს საოცარი პოტენციალი აქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ იგი საკუთარ პლუსებს აუცილებლად გამოავლენს.

მესუთ იოზილი

იოზილის ტრანსფერის შესახებ გავრცელებული უამრავი სპეკულაცია გერმანელმა ფეხბურთელმა „არსენალთან“ გაფორმებული ახალი კონტრაქტით გააქარწყლა, რომლის მიხედვით იგი კვირაში 350000 ფუნტს მიიღებს.

მესუთის შესახებ ჩრდილოეთ ლონდონელების აზრი ორად იყოფა და მისი კრიტიკოსების რაოდენობა შარშანდელი წარუმატებელი სეზონის შემდეგ ერთიორად გაიზარდა.

იოზილი ახალ სეზონს ჩაგდებული მუნდიალის და სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ იწყებს, თუმცა უნაი ემერი მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ მესუთს ესპანელის სათამაშო სქემაში უდიდესი ადგილი უკავია, მას კრიტიკოსების დადუმება და საკუთარი სტატუსის დამტკიცება მაინც მოუწევს.

როს ბარკლი

„ჩელსის“ ბევრმა გულშემატკივარმა იანვარში როს ბარკლის ტრანსფერი და მის სანაცვლოდ გადახდილი 15 მილიონი ფუნტი სასტიკად გააკრიტიკა და თუ ინგლისელის ნაჩვენებ თამაშს გავითვალისწინებთ, რთულია ქომაგების განცხადებებს შეეწინააღმდეგო.

„ევერტონის“ ყოფილ ფეხბურთელს „მერსისაიდელთა“ რიგებში ტრავმები ხშირად აწუხებდა და ტენდენცია არც ლონდონში ყოფნისას შეცვლილა. ბარკლიმ ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო 3 თვე გამოტოვა და მონაწილეობა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო.

სპეციალისტს, რომელმაც როსი გაიფორმა, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს და ახლა ინგლისელს მაურიციო სარის ნდობის მოპოვება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა ბარკლი წინასასეზონო პერიოდში რამდენჯერმე შეაქო და მისი როტაციაში აქტიური ჩართვაც არ გამორიცხა.

ჯეკ უილშირი

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ტრავმებმა გააწამა ჯეკ უილშირია. ამ ზაფხულს მან „არსენალის“ რიგები დატოვა და კარიერის „ვესტ ჰემში“ გაგრძელება გადაწყვიტა. ჯეკმა შარშან „მეთოფეების“ რიგებში 38 შეხვედრა გამართა, რაც იმის მანიშნებელია, რომ იგი მშვენიერი ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და პრემიერ ლიგის სტარტისთვის სრულ მზადყოფნაშია.

უილშირს ძველი ფორმის დაბრუნება მოუწევს და კრიტიკოსების დადუმებას მხოლოდ ასე შეძლებს.

დენიელ სტარიჯი

დენიელ სტარიჯმა წინასასეზონო მატჩები მშვენივრად ჩაატარა და როგორც ჩანს მომავალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრების შანსებს მიიღებს.

„ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა წინა სეზონის დასკვნითი ნაწილი „ვესტ ბრომვიჩში“ გაატარა, თუმცა ტრავმების გამო „ალბიონის“ მაისური მხოლოდ 6 შეხვედრაში მოირგო.

ზაფხულის წინასასეზონო ეტაპზე გამოჩნდა, რომ სტარიჯი კარგ  ფორმაში იმყოფება და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ფირმინოსთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლია.

ბენჟამინ მენდი

„მონაკოდან“ 52 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადმოყვანილმა მენდიმ, „სიტიში“ კარიერა მშვენივრად დაიწყო და სულ მალე გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელად იქცა, თუმცა სექტემბერში მიღებული მუხლის სერიოზული ტრავმის გამო აპრილამდე არ უთამაშია.

დიდი ალბათობით მომავალ სეზონში იგი ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს და გაცემული ავანსების გამართლება ხელახლა მოუწევს.

ტობი ალდერვეირელდი

ერთდროს „ტოტენჰემის“ დაცვის ხაზის საუკეთესო ფეხბურთელს, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მან გასული სეზონის ძირითადი ნაწილი სათადარიგო სკამზე გაატარა და შესაძლოა აღმოსავლეთ ლონდონელთა რიგები დატოვოს.

ტობის გადმობირებით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული და თუ ალდერვეირელდი „წითელი ეშმაკების“ რიგებში გადავიდა მას მომავალ სეზონში მოურინიოს სისტემაში ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს.

მორგან შნაიდერლინი

„ევერტონში“ კარგად დაწყებული შემდეგ, შნაიდერლინმა 2017-18 წლების სეზონი, თანაგუნდელების მსგავსად, საშინლად ჩაამთავრა.

ფრანგს დაპირისპირება მწვრთნელებთან და გულშემატკივრებთან მოუვიდა და რამდენჯერმე ძირითადი შემადგენლობის მიღმაც დარჩა.

შნაიდერლინმა სეზონის ბოლოს გამართული შეხვედრები მშვენივრად ჩაატარა და ქომაგებს იმედი ჩაუსახა. ინგლისელ ექსპერტებს სჯერათ, რომ მორგანი და „კანფეტების“ ახალი მთავარი მწვრთნელი, მარკო სილვა, ერთმანეთს კარგად შეეწყობიან და ნახევარმცველი თავის ვარსკლავურ სტატუსს დაიბრუნებს.

ჯონი ევანსი

მიუხედავად პრემიერ ლიგიდან გავარდნილი „ვესტ ბრომვიჩის“ შემადგენლობაში ჩატარებული 31 შეხვედრისა, ევანსით ბევრი ინგლისური კლუბი დაინტერესდა. საბოლოოდ ჩრდილოეთ ირლანდიელმა არჩევანი „ლესტერზე“ შეაჩერა და იგი „მელიებმა“ 3.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გამოისყიდეს.

„ვესტ ბრომვიჩის“ შემადგენლობაში ევანსი მშენივრად ასპარეზობდა და ახლა იგივეს გაკეთება ევროპულ ტურნირებზე გასვლის ამბიციის მქონე „ლესტერში“ ცდის.

კრისტიან ბენტეკე

კრისტიან ბენტეკეს შარშანდელი შედეგი ყველაფერს ამბობს! 31 მატჩი - 3 გოლი. 27 მილიონ ფუნტად შეძენილი თავდამსხმელისთვის ეს საშინელი მაჩვენებელია.

„კრისტალ პალასის“ რიგებში ბელგიელს წარუმატებელი სეზონი ჰქონდა და ამან გუნდზე დიდი გავლენა იქონია. ბენტეკემ მწვრთნელს და თანაგუნდელებს „ბორნმუთთან“ 2-2-ზე დამატებით დროში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგაც მოუბოდიშა, თუმცა "არწივების" ქომაგების მისი თითქმის აღარ სჯერათ.

ბენტეკე კლუბის ნომერ პირველი თავდამსხმელია. მის ზურგს უკან ზაჰა და თაუნსენდი ასპარეზობენ და დიდი ალბათობით ბელგიელი გაცილებით უკეთეს სეზონს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები