მიჰაილოვიჩი: ეს გამარჯვება თავდაჯერებულობას სერია ა-ს მატჩებშიც შეგვმატებს
Aa
Aa

მიჰაილოვიჩი: ეს გამარჯვება თავდაჯერებულობას სერია ა-ს მატჩებშიც შეგვმატებს

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიის თასის მერვედფინალში „მილანმა“ „სტადიო ლუიჯი ფერარისზე“ „სამპდორიას“ დამარცხება მოახერხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება მის გუნდს თავდაჯერებულობას შემატებს.

"ჩვენ უბრალოდ უნდა მოგვეგო ეს მატჩი. დიდი შანსი მოგვეცა და გამოვიყენეთ. ფინალამდე მისვლა ჩვენზეა დამოკიდებული, ეს გამარჯვება აგრეთვე დიდ თავდაჯერებულობას შეგვმატებს სერია ა-ს მატჩებშიც.

ამ მატჩში გამარჯვება გარანტირებული არ გვქონდა და დიდებული ხასიათი გამოვავლინეთ. ახლა მიზნად "ფროზინონესთან" მოგებას ვისახავთ, რათა ზამთრის შვებულებაში უფრო მშვიდად გავიდეთ. გამარჯვება უფრო ადრე უნდა გაგვენაღდებინა, მაგრამ გუნდით კმაყოფილი ვარ. ძალიან ცოტა გავიღეთ, თუმცა სოლიდურები ვიყავით. ეს დიდი წარმატებაა და იმედია მეტ თავდაჯრებულობას და ენთუზიაზმს შეგვმატებს.

გუნდმა ამ თამაშში აჩვენა, რომ დანებებას არ აპირებდა. დიდი შანსი გვაქვს, რომ კოპა იტალიის ფინალში გავიდეთ, მაგრამ ფეხბურთში განსაზღვრული არაფერია. მიუხედავად ყველაფრისა, მოთამაშეებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.

„ლუიჯი ფერარისზე“ თამაში ადვილი არასოდეს არ არის, "სამპდორიას" ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც სიტუაციის გართულება შეუძლიათ, თუმცა ბიჭებმა მოგება დაიმსახურეს. ვიყავით სოლიდურები, კომპაქტურები და ნაკლებად ვექცეოდით ზეწოლის ქვეშ.

ჭორების გამო არასდროს ვნერვიულობ, თავდაჯერებული ვარ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. ჩემს სამუშაოს მშვიდად ვაგრძელებ. მე ძლიერი ხასიათი მაქვს. მოთამაშეები ყოველთვის კარგად ვარჯიშობდნენ და გუნდი ჩემს ზურგს უკან დგას. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, რაც სიმშვიდის საფუძველს მაძლევს. "ფროზინონე"? ისინი ძლიერად იბრძოლებენ, მაგრამ თუ ვითამაშებთ ისე, როგორც ჩვენ ვიცით, აუცილებლად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა სინიშა მიჰაილოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები