Aa
Aa

1974 წლის შემდეგ პირველად! - ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს ტურნირი მოიგო!

2018 წლის 29 ივლისი - ქართული ჩოგბურთისა და მთლიანად სპორტის ისტორიაში უდიდეს თარიღად ჩაიწერება! დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე, ჩვენმა ქვეყნის წარმომადგენლებმა ATP-ს ტიტული პირველად მოიპოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის 500-იანი კატეგორიის პრესტიჟული გათამაშება მოიგო, რომელიც წლების მანძილზე როჯერ ფედერერს, რაფა ნადალსა და არაერთ უმაღლესი კლასის ჩოგბურთელს მოუგია. დიდი სლემისა და 1000-იანი მასტერსის შემდეგ, ჩოგბურთში ამ კატეგორიის ტურნირი ყველაზე პრესტიჟულია.

ბასილაშვილი ფინალურ შეხვედრაში ჰამბურგში 2-ჯერ თასის მომგებ და მოქმედ ჩემპიონ ლეონარდო მაიერს დაუპირისპირდა და სუპერდაძაბულ მატჩში აჯობა.

ქართველმა პირველ პარტიაში ადრეული ბრეიკი ბოლომდე შეინარჩუნა და სეტი 6:4-ზე დახურა, რასაც მეორე სეტში სრული კაპიტულაცია და მშრალი ანგარიშით წაგება მოჰყვა, რის შემდეგაც გადამწყვეტი სეტის ჯერი დადგა.

მოთამაშეები საკუთარ მოწოდებას ინარჩუნებდნენ და 10-მა გეიმმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მე-11 გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და მატჩზეც წარმატებით ჩააწოდა - 4:6; 0:6; 7:5.

ნიკოლოზ ბასილაშვილს აქამდე ATP ტურში 2 ფინალი ჰქონდა წაგებული და პროფესიონალურ კარიერაში პირველი, თანაც საკმაოდ მსხვილი ტურნირის ჩემპიონობა დაისაკუთრა.

ამ გამარჯვების შედეგად, ბასილაშვილმა 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რაც მას ხვალიდან მსოფლიოს 40 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის შეიყვანს. ასევე, ნიკას საჩემპიონო თანხა - 349 200 ევრო ერგო.

26 წლის ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მსოფლიოს 81-ე ჩოგნის რანგში, საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ტობიას კამკესა და იურგენ მელცერს აჯობა, ძირითად ბადეში კი ფილიპ კოლშრაიბერი, პაბლო კუევასი, პაბლო კარენო-ბუსტა, ნიკოლას იარი და ლეონარდო მაიერი დაამარცხა.

ბოლო ქართველი, რომელსაც პროფესიონალური საჩოგბურთო ასოციაციის ტურნირი ჰქონდა მოგებული, ალექსანდრე მეტრეველი გახლდათ - მან ამ წარმატებას 1974 წელს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები