Aa
Aa

არის ახალი ისტორია! - ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალშია!

ჰამბურგის 500-იანი ტურნირის 1/2 ფინალში გასვლა, ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, დღეს კი მან ნიკოლას იარის სამაგალითო მატჩი მოუგო და ხვალ, სატიტულო შეხვედრაში ითამაშებს.

მატჩის მცირე ფავორიტად ჩილელი ჩოგბურთელი ითვლებოდა, რომელიც 22 წლისაა და უნიჭიერეს მოთამაშედ მიიჩნევა. იარის ძლიერი მოწოდება და მძიმე დარტყმები აქვს, რამაც თამაშის სტარტზე ჩვენებურს პრობლემებიც შეუქმნა.

შეხვედრის პირველი ბრეიკი იარიმ შეასრულა და 5:3-მდე ანგარიში ისე მიიყვანა, რომ საკუთარ 4 გეიმში ბასილაშვილს 1 ქულაც არ მისცა (!!!). თითქოს პირველი პარტიის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ქართველმა მებრძოლი სული სწორედ აქ ჩართო... ნიკამ აუცილებელი უკუბრეიკი 3 სეტ-პოინტის მოგერიების შემდეგ შეასრულა, რასაც საკუთარი მოწოდების მოგება და 6:5-ზე დაწინაურება მოჰყვა. ცალკე სათქმელია მე-12 გეიმი, როცა ჩოგბურთელებმა 20 ქულა გაითამაშეს, ბასილაშვილმა კი სუპერდრამატული გეიმი, მე-4 სეტ-პოინტით დახურა - 7:5.

აღნიშნულმა "ქამბექმა" ნიკოლოზს დიდი ძალები წაართვა და იგი ემოციურადაც ცოტა დაიღალა, შედეგად, მე-2 სეტი იარის სრული უპირატესობით წარიმართა და მშრალი გამარჯვებით დასრულდა - 6:0.

26 წლის ბასილაშვილმა თავი მე-3 სეტისთვის შემოინახა, როცა გამანადგურებელი ანგარიში უკვე სათავისოდ დააფიქსირა და ფინალის საგზური მოიპოვა - 7:5; 0:6; 6:1.

ნიკა ფინალურ შეხვედრაში არგენტინელ ლეონარდო მაიერს დაუპირისპირდება, რომელიც "ჰამბურგის ტურნირის კაცია". 31 წლის მაიერს ATP-ს ეგიდით 2 ტიტული აქვს მოგებული და ორივე შემთხვევაში წარმატებას ამ გათამაშებაზე მიაღწია - 2014 და 2017 წ.

2002 წლის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც ATP-ს ტურნირის ფინალში ითამაშა. მან ეს ორჯერ - 2016 წელს კიტცბეულსა და 2017 წელს მემფისში გააკეთა. ორივე ტურნირი 250-იანთა კატეგორიისა გახლდათ და ქართველმა ტიტული ვერცერთხელ მოიგო.

აი რაც შეეხება ATP-ს 500-იანთა ტურნირების ფინალს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნიკა პირველია, რომელიც ამ მასშტაბის გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში იასპარეზებს. ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ლაბაძის კარიერა ATP-ს ტიტულის გარეშე დასრულდა, შესაბამისად, ბასილაშვილს ისტორიული შანსი აქვს...

ბასილაშვილისა და მაიერის ფინალური მატჩი ხვალ გაიმართება და 17 საათიდან დაიწყება. ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. 

ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგის ტურნირის ფინალში გასვლით 300 სარეიტინგო ქულა უკვე გაინაღდა, რაც მას ორშაბათს გამოსაქვეყნებელ ახალ კლასიფიკაციაში საგრძნობლად წინ წასწევს და შესაძლოა, კარიერის საუკეთესო შედეგიც დააფიქსიროს... ნიკას ამჟამინდელი მაქსიმუმი მსოფლიო რეიტინგი 51-ე პოზიციაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები