ყენია ევროპაში ბრუნდება - ევროპა ლიგაზე ტოპმიოლერთან ერთად
Aa
Aa

ყენია ევროპაში ბრუნდება - ევროპა ლიგაზე ტოპმიოლერთან ერთად

Crystalsport-ის ინფორმაციით გერმანული გელზენკირხენის ''შალკეს'' ყოფილი ფეხბურთელი ლევან ყენია კარიერას ლუქსემბურგის ჩემპიონ ''დუდელანჟის'' შემადგენლობაში გააგრძელებს. 

''დუდელანჟის'' მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერის შვილი, დინო ტოპმიოლერია. კლაუს ტოპმიოლერის მთავარი მწვრთნელობისას შედგა 16 წლის ლევან ყენიას დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

66 წლის კლაუს ტოპმიოლერი 2006-08 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა

ქართველი შემტევი 21-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს გასულ თვეში დაუბრუნდა. 27 წლის ყენიამ ''ლოკომოტივის'' მაისურით ეროვნული ლიგის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2008-14 წლებში ''შალკეს'' შემადგენლობაში ლევან ყენიამ ტრავმების გამო ბუნდესლიგაში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა, 2012 წელს კი გელზენკირხენული გუნდიდან წავიდა და ლვოვის ''კარპატის'' მოთამაშე გახდა, უკრაინულ კლუბში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გერმანიაში დაბრუნდა და მეორე ბუნდესლიგის დიუსელდორფის ''ფორტუნას'' მაისური მოირგო. 2014-16 წლებში პრაღის ''სლავიასთვის'' თამაშობდა.

რაც შეეხება მის ახალ გუნდს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''დუდელანჟი'' უნგრეთის ჩემპიონ ''ვიდეოტონთან'' მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. დუდელანჟში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი უნგრულმა გუნდმა 2:1 მოიგო.

უნგრულ კლუბთან მარცხის შემდეგ ''დუდელანჟი'' ევროპა ლიგაზე გადაერთო. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ყენიას გუნდმა 2:1 დაამარცხა კოსოვოს წარმომადგენელი ''დრიტა.'' საპასუხო შეხვედრა 2 აგვისტოს კოსოვოში გაიმართება. წარმატების შემთხვევაში ყენია ''დუდელანჟს'' მესამე ეტაპიდან დაეხმარება.

ფოტო წარსულიდან: კლაუს ტოპმიოლერი და დინო ტოპმიოლერი

''დუდელანჟის'' მთავარი მწვრთნელი დინო ტოპმიოლერი

მთავარი ფოტო: ''ლოკომოტივის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები