''ის ყოველთვის უფრო მეტს შოულობდა ვიდრე მე'' - ნავთობის ბიზნესიდან ჰოლანდიურ ფეხბურთში
Aa
Aa

''ის ყოველთვის უფრო მეტს შოულობდა ვიდრე მე'' - ნავთობის ბიზნესიდან ჰოლანდიურ ფეხბურთში

ცნობილი ჰოლანდიური გამოცემები აქტიურად წერენ ''დენ ბოსხის'' ახალი მფლობელის, 24 წლის კახი ჟორდანიას შესახებ. ''ვიტესის'' ყოფილი მფლობელის, მერაბ ჟორდანიას შვილმა ჰოლანდიური კლუბის აქციათა 99,9 პროცენტი შეიძინა.

კახი ჟორდანიას შესახებ ინტერნეტში მცირე ცნობებია, თუმცა ჰოლანდიელი ჟურნალისტები ცდილობენ მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვონ. voetbalzone მერაბ ჟორდანიასთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწყვეტებს აქვეყნებს, რომლებიც მის შვილს, კახის ეხება.

მერაბ ჟორდანია: ''კახი ყოველთვის უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებდა, ვიდრე მე. მას ყოველთვის მაქსიმალურად ვეხმარები, რამდენადაც შემიძლია. ამ სამყაროში კონტაქტების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.''

ჟორდანია მიმდინარე წლის მაისში voetbalzone-თან ინტერვიუში ამბობს: ''ჩემს შვილს ჰოლანდიაში კლუბის შეძენა სურს. მას ვუთხარი რომ ეს ნონსენსი იყო, მაგრამ ის თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია.''

ჰოლანდიური მედიის ცნობით კახი ჟორდანია ჰოლანდიაში 7 წელი ცხოვრობდა. ის შვეიცარიის მოქალაქეა. ახალგაზრდა მილიონერი რუსეთში ნავთობის ბიზნესით იყო დაკავებული.

როგორც ჰოლანდიურ telegraaf-ზე ვკითხულობთ, კახი ჟორდანია ნავთობის ბიზნესში  გამომუშავებულ თანხას ჰოლანდიურ კლუბში დააბანდებს. კახი ჟორდანიას უმაღლესი განათლება ინგლისში აქვს მიღებული. 

24 წლის კახი ჟორდანია ''დენ ბოსხის'' ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნავს: ''ჰოლანდიური საფეხბურთო სკოლა ჩვენი სახლია. ჰოლანდიაში იდეალურად ვსწავლობდით, თუ როგორ უნდა გვეთამაშა ფეხბურთი. ჩემთვის არ იყო მოულოდნელი, როცა მამამ 8 წლის წინ ''ვიტესი'' შეიძინა და არ არის შემთხვევეთი ის ფაქტი, რომ დღეს ''დენ ბოსხი'' მე შევიძინე. ისევე როგორც ჩემს ძმასა და მამას, მეც ძალიან მიყვარს ფეხბურთი. სპორტის ეს სახეობა ჩემს გულშია.''

''დენ ბოსხის'' დირექტორი ვან დერ კრანი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში კლუბის ყველა აქციონერი ერთსულოვანი იყო. ვან დერ კრანის აზრით კლუბის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება.

როგორც კახი ჟორდანიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, მისი მთავარი მიზანი კლუბის ელიტაში დაბრუნებაა. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას საფეხბურთო აკადემიის ფუნქციონირებას დაუთმობს.

''დენ ბოსხი'' 1948 წელს ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, 1991 წელს კი ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდა. 2005 წელს ჰოლანდიის ელიტარული ლიგიდან რანგით მეორე ლიგაში გავარდა. მას შემდეგ კლუბი ელიტაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, 2010 წელს მერაბ ჟორდანიამ არნემის ''ვიტესი'' შეიძინა. მან გუნდში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მიიწვია. არნემული გუნდისთვის გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია ასპარეზობდნენ. ასევე, ''ვიტესის'' ასაკობრივ გუნდში კახი ჟორდანიას ძმა, ლევანი ასპარეზობდა.

არნემული კლუბიდან წამოსვლის შემდეგ ლევან ჟორდანია ''ახილესში'' ირიცხებოდა, რომელიც ჰოლანდიის რანგით მეორე ლიგიდან მესამეში გავარდა. ''ვიტესის'' 17 და 19 წლამდე გუნდის ყოფილი მოთამაშე ამჟამად თავისუფალი აგენტია.

მერაბ ჟორდანიამ, რომელიც თბილისის ''დინამოსა'' და სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტია, 2013 წელს ''ვიტესი'' გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები