''ყველაფერი შესაძლებელია'' - ''ჩიხურას'' დევიზი და ოპტიმისტური მოლოდინი
Aa
Aa

''ყველაფერი შესაძლებელია'' - ''ჩიხურას'' დევიზი და ოპტიმისტური მოლოდინი

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე  საჩხერის ''ჩიხურამ'' ''მიხეილ მესხზე'' სლოვენიურ ''მარიბორს'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

სოსო ფრუიძის გუნდმა გოლის გატანის რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა. ქართული კლუბი ფლობდა უპირატესობას. საჩხერულმა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ''ჩიხურას'' შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს.

 

მატჩის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები მედიას ესაუბრნენ

სოსო ფრუიძე: ''თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ჩემი ფეხბურთელები ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან.

შემადგენლობიდან გამომდინარეც ნათელი იყო, რომ გამარჯვება გვსურდა, რადგან ნახევარდაცვაში ბევრი შემქნელი ვათამაშეთ.

ლექვთაძეს ტრავმა აქვს. ხვალ გაირკვევა რამდენად სერიოზულია ტრავმა.

სეზონის დასაწყისში ბევრი ფიქრობდა, რომ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებდით, თუმცა დღეს სხვაგვარი ვითარებაა.

საჩხერეში, სადაც ვცხოვრობთ, გაკრული გვაქვს ბანერი წარწერით: ყველაფერი შესაძლებელია! - ეს ჩვენი დევიზია. გუნდისთვის ერთიანი სულისკვეთება ყველაზე დიდი ძალაა.

გამარჯვების მოსაპოვებლად სათამაშო კლასი დაგვაკლდა.''

მიხეილ სარდალიშვილი: ''კარგი თამაში გამოვიდა. ''მარიბორი'' ძლიერი კლუბია. გოლის გატანის რამდენიმე მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ანალოგიურად მეტოქესაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი უგოლოდ დასრულდა. ყველაფერი სლოვენიაში გადაწყდება.

პირველი თამაშიდან გამომდინარე ''მარიბორის'' დამარცხება რეალურია. თუ სტუმრად გოლს გავიტანთ, ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოვიპოვებთ. ზოგადად ''ჩიხურას'' სტუმრად თამაში არ უჭირს. ვნახოთ ამჯერად როგორი თამაში გამოვა.''

ირაკლი ბუღრიძე: ''თავიდანვე ვიცოდით, რომ წყვილში ფავორიტი ''მარიბორი'' იყო. ვფიქრობდით, რომ მეტოქე ბურთის ფლობაზე გააკეთებდა აქცენტს, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. როგორც ვიცი ბურთის ფლობის მაჩვენებელი ჩვენს მხარეს იყო, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა კარის მშრალად შენახვა იყო.

გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ''მარიბორი'' სტუმრადაც იგივე დონის ფეხბურთს ითამაშებს. მატჩის მიწურულს გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. ძალიან ვწუხვარ.''

საპასუხო მატჩი 2 აგვისტოს სლოვენიაში გაიმართება.

''ჩიხურასა'' და ''მარიბორს'' შორის გამარჯვებული ''ოსიეკსა'' და ''რეინჯერსს'' შორის მოგებულს შეხვდება.

ფოტო: ''ჩიხურას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები