Aa
Aa

"კიევო" სერია A-ში დატოვეს, თუმცა მისი პრეზიდენტი ფეხბურთიდან 3 წლით მოკვეთეს!..

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვერონას "კიევო" სერია A-ს მომავალ სეზონში მონაწილეობას მიიღებს.

ფეხბურთის ფედერაციასთან (FIGC) არსებული ყალბი გადარიცხვების გამო, "კიევოს" წინააღმდეგ ძიება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ჩატარებულმა გამოძიებამ არასაკმარისი სამხილების გამო, "მფრინავი ვირების" დასჯა მიზანშეწონილად არ ჩათვალა, თუმცა კლუბის პრეზიდენტი, ლუკა ჩამპედელი ფეხბურთიდან 3 წლის ვადით მოკვეთეს. 

ჩამპედელის ბრალდება, რომ სატრანსფერო თანხას ხელოვნურად ზრდიდა, რითაც "ფულის გათეთრება" ხდებოდა და ასეთი მაქინაციები რამდენიმე წელი გრძელდებოდა.

იტალიის ამ მოკრძალებული, თუმცა ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე კლუბის პროფესიონალურ დონეზე დაწინაურება და სერია A-ში აღზევება, ლუკას მამის - ლუიჯი ჩამპედელის სახელს უკავშირდება, რომელმაც გუნდი 1964 წელს შეიძინა. 1929 წელს დაარსებული კლუბი, პროფესიონალურ ფეხბურთში 1986 წელს, უფროსი ჩამპედელის ძალისხმევით დაიბადა და იტალიის უდაბლეს ლიგაში ასპარეზობა დაიწყო. 

1993 წელს, ლუიჯი ჩამპედელი მოულოდნელად გარდაიცვალა და "კიევოს" პრეზიდენტი მისი 23 წლის შვილი - ლუკა გახდა, რომელიც მაშინდელი მონაცემებით, იტალიურ კლუბებს შორის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იყო.

ვერონელთა მეტსახელი - "მფრინავი ვირები" კლუბის ისტორიის განვითარების ამსახველია. "კიევოს", ეს ირონიული მეტსახელი, მისი მოძულე გუნდის, "ვერონას" ფანებმა შეარქვეს. 1986 წელს, როცა "კიევო" პროფესიონალური კლუბი გახდა, "ვერონა" სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი იყო და მისმა ფანებმა ირონიულად გამოაცხადეს, რომ სანამ "კიევო" მათ დონემდე მიაღწევდა, ანუ სერია A-ში აღზევდებოდა, ვირები ფრენას დაიწყებდნენ...

...ვირებმა კი ფრენა 2001 წელს დაიწყეს... მაშინ, როცა მამის საქმე ლუკას გაგრძელებული ჰქონდა და დიდი ჩამპედელის სურვილი მან აასრულა. "კიევო" სერია A-ში დაწინაურდა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური მეტსახელიც დაიბადა...

ასე რომ, ლუკა ჩამპედელი სერია A-სა და თავის საყვარელ კლუბ "კიევოს" 3 წლით ოფიციალურად ჩამოშორდება. საგულისხმოა, რომ უმაღლეს ლიგაში დაწინაურების შემდეგ, "კიევო" ქვედა ლიგაში მხოლოდ ერთხელ გავარდა, მისი მოძულე - "ვერონა" კი, ხან ზემოთაა, ხან - ქვემოთ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები