Aa
Aa

ბასილაშვილმა კოლშრაიბერს მოუგო და ჰამბურგის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა!

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იმყოფება და იქაურ 500-იან ტურნირზე მონაწილეობს.

ქართველმა ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან გააღწია, სადაც ტობიას კამკესა და იურგენ მელცერს აჯობა, დღეს კი მთავარი ბადის საწყის შეხვედრაში გამოცდილ გერმანელს, ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდა.

კოლშრაიბერი ტურნირზე მე-5 ნომრად იყო განთესილი და თამაში ულაპარაკო ფავორიტად ითვლებოდა. ვეტერანი გერმანელი მსოფლიოს 25-ე ჩოგანია, ნიკოლოზი კი რეიტინგის 81-ე პოზიციაზეა.

მატჩი კოლშრაიბერის უპირატესობით დაიწყო და მან ბრეიკიც შეასრულა, თუმცა სეტის ბოლოს ქართველმა მოუმატა, ჯერ ბრეიკი დაიბრუნა, მე-12 გეიმში კი მეტოქის მოწოდების აღებით, სეტი სათავისოდ დაასრულა - 7:5.

მეორე პარტიამ 33 წლის გერმანელის სრული უპირატესობით ჩაიარა და მან სეტებში ანგარიში ძალიან მარტივად გაათანაბრა, რასაც გადამწყვეტი სეტის კარგი სტარტიც მოჰყვა.

კოლშრაიბერი 3:1-ს იგებდა, თუმცა ნიკამ ზედიზედ 2 ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია - 7:5; 1:6; 6:4.

ქართველმა 5 ეისი მოაწოდა, რასაც 5 ორმაგი შეცდომაც მიაყოლა. პირველ მოწოდებაზე ქულების 60%, ხოლო მეორეზე 49% მოიგო.

ნიკოლოზი ტურნირის მომდევნო წრეში ურუგვაელ პაბლო კუევასს შეხვდება, რომელიც თიხაზე კოლშრაიბერის მსგავსად, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები