ანა მაქაცარიამ ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზია მიიღო!
Aa
Aa

ანა მაქაცარიამ ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზია მიიღო!

ქართველმა ჩოგბურთელმა, ანა მაქაცარიამ 2018 წლის ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის მიხედვით, მაქაცარია 33-ე ნომერია, რაც ოლიმპიადაზე ასპარეზობის საშუალებას მისცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს წერილობით აცნობეს.

ანა მაქაცარია 18 წლის რამდენიმე დღეში გახდება, მან წელს იუნიორთა უიმბლდონის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, როლან გაროსზე კი შესარჩევი სტადიის პირველსავე რაუნდში დამარცხდა.

2018 წლის ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 6-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ჩატარდება, თუმცა უშუალოდ საჩოგბურთო ბატალიები 7-14 ოქტომბერს შედგება.

ხსენებულ პერიოდში, სამხრეთ ამერიკაში გაზაფხული იქნება და ესეც პირველი შემთხვევაა, რომ აღნიშნული ოლიმპიადა ზაფხულის გარდა, სხვა სეზონზე ტარდება. ამასთანავე, პირველადაა, როცა თამაშები ევრაზიის კონტინენტს გარეთ იმართება.

2018 წლის ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებზე, საქართველოს წარმომადგენლები ასევე ეყოლება: ვაჟთა 3-3-ზე კალათბურთში, ტანვარჯიშში, ტყვიის სროლასა და ჭიდაობაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები