FIGC:
Aa
Aa

FIGC: "პარმა" სერია A-ს -5 ქულით დაიწყებს!

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერია A-ში წელს დაბრუნებული "პარმა", ახალ სეზონს -5 ქულით დაიწყებს.

ამის მიზეზი ჩატარებული გამოძიებაა, რომელიც "პარმას" ფეხბურთელების - ემანუელე კალაიოსა და ფაბიო ჩერავოლოს მიერ "სპეციას" მოთამაშეებისათვის გაგზავნილ მესიჯებს იკვლევდა. Gazzetta di Parma წერდა, რომ 18 მაისს, კალაიომ და ჩერავოლომ, "სპეცია"-"პარმას" მატჩის წინ, რომელიც სერია B-ს ბოლო ტურის ეგიდით იმართებოდა, "სპეციას" ფეხბურთელებს - ფილიპო დე კოლისა და ალბერტო მასის შეტყობინებები გაუგზავნეს - მესიჯები მატჩის შესაძლო შედეგს შეეხებოდა.

ხსენებული მატჩი "პარმამ" 2:0 მოიგო, რითაც სერია B-ს მე-2 ადგილი გაინაღდა და იტალიის უმაღლეს დივიზიონში აღზევდა. აღსანიშნავია, რომ 0:1-ზე, "პარმას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელმა, ალბერტო ჯილარდინომ პენალტი ვერ გაიტანა.

"სპეციას" მოთამაშეებმა შეტყობინებები კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ლუიჯი მიჩელს აჩვენეს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქმის შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის მოეხსენებინა, რათა სამომავლოდ, მისი გუნდი არ დაზარალებულიყო.

"პარმას" წარმომადგენლებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ კალაიოს შეტყობინება უბრალოდ ხუმრობა იყო, თუმცა ამ არგუმენტმა ემილია-რომანიელებს ვერ უშველა. სანქციები შეეხო კალაიოსაც, რომელიც ფეხბურთიდან 2 წლით მოკვეთეს, რაც, ფაქტობრივად, მისი კარიერის დასრულებას ნიშნავს - "კროჩიატის" თავდამსხმელი 36 წლისაა. ამასთანავე, ვეტერან ფეხბურთელს ჯარიმის სახით 20 000 ევროს გადახდა მოუწევს.

ემილია-რომანიულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ პარმელები სასამართლოს ორივე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები