რით იყო ეს ჩემპიონატი სხვებზე უკეთესი? - 2018 წლის მუნდიალის სტატისტიკური შეფასება
Aa
Aa

რით იყო ეს ჩემპიონატი სხვებზე უკეთესი? - 2018 წლის მუნდიალის სტატისტიკური შეფასება

რუსეთში გამართული მსოფლიოს 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. რა დაგვამახსოვრდა განვლილი მუნდიალიდან?.. ალბათ, ბევრი რამ, თუმცა ახლა ეს მნიშვნელოვანი არაა. მოდით, გამოვარჩიოთ ის სტატისტიკური თუ არასტატისტიკური ფაქტები, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის გათამაშება სხვა ჩემპიონატებს აღემატებოდა.

ფეხბურთის გულშემატკივრებს დრამა გვიზიდავს და ბოლო წუთებზე გატანილი გოლი განსაკუთრებულ სიამოვნებას გვანიჭებს, ამ კუთხით კი ეს ტურნირი უდავოდ გამორჩეული იყო.

მსაჯის მიერ ძირითადი დროისთვის კომპენსირებულ დროში იმაზე გაცილებით მეტი გოლი გავიდა, რამდენიც წინა 3 მუნდიალზე ერთად აღებული. რუსეთში 90+ დროში 9 გოლი შეაგდეს, 2014-ში ეს მაჩვენებელი 4 იყო, 2010-ში - 1, 2006-ში კი - 2.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ხიმენესმა ეგვიპტის ნაკრებს გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაუტანა და ის ბუღთი ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კოლუმბიელი, იერი მინა, რომელიც ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავისთვის საწყის 3 მატჩში გოლის გატანა შეძლო - პოლონეთთან, სენეგალთან და ინგლისთან (93-ე წუთზე). მინას ამ რეკორდის მოხსნა, ძალიან, ძალიან რთული იქნება.

არანორმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა ავტოგოლებით, რა მხრივაც ამ ჩემპიონატმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აქამდე ყველაზე მეტი ავტოგოლი 1998 წლის მუნდიალზე იყო გატანილი - 6.

წლევანდელ ჩემპიონატზე ავტოგოლების წვიმა მაროკოელმა აზიზ ბოუჰადოუზმა გახსნა, რასაც კიდევ 11 საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი მოჰყვა, მათ შორის ფინალშიც... მარიო მანჯუკიჩი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალის ფინალურ მატჩში საკუთარ კარში გაიტანა.

ჯამში, ერთი ტურნირის 64 შეხვედრაში გატანილი 12 ავტოგოლი, მართლაც, ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

განვლილი მუნდიალი გამოირჩეოდა სენსაციებითაც და ადრეულ ეტაპზე ტურნირს არაერთი გრანდი გამოეთიშა. გერმანიის, არგენტინის, ბრაზილიის, ესპანეთისა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიის ნაკრები 1/2 ფინალამდეც ვერ მივიდნენ.

სამაგიეროდ, სასიამოვნოდ გაგკაკვირვეს ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებებმა. პირველმა, ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, ხოლო ახალგაზრდული ინგლისისგან ასეთი შედეგი, მაინც მოულოდნელი იყო. ცხადია, რომ გარეტ საუთგეითის გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რაც ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს უნდა ახარებდეს...

გერმანიის ნაკრები ვახსენეთ, რომელიც გათამაშებას ჯგუფურ ეტაპზე დაემშვიდობა, თანაც სრულიად უმოტივაციო სამხრეთ კორეის ნაკრებთან წააგო. გერმანელებმა მოქმედ ჩემპიონთა უსიამოვნო ტენდენცია გააგრძელეს. 1998 წლის შემდეგ, მოქმედი ჩემპიონის რანგში, მომდევნო მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა მხოლოდ ბრაზილიის ნაკრებმა შეძლო - 2006 წ.

ჯგუფური სტადიის 3 თამაშის ჯამში, გერმანელებმა მეტოქეთა კარისკენ 72-ჯერ დაარტყეს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მხოლოდ 5 გუნდის შედეგს ჩამორჩება, რომელთაგანაც 4-მა ალემანებზე 4-ით მეტი შეხვედრა ჩაატარა.

მანუელ ნოიერი ერთადერთი მეკარე იყო, რომელმაც ტურნირზე 2 დრიბლინგი შეასრულა. მათ შორის, ერთი მეტოქის ნახევარზე, როცა ბურთი დაკარგა და სამხრეთ კორეელებმა მის კარში გოლი გაიტანეს.

როგორც ბოლო წლებში მივეჩვიეთ, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე კვლავაც უდიდესი ავანსები გაიცა.

პორტუგალიელმა მუნდიალი ბრწყინვალედ დაიწყო და ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 3 გოლი გაიტანა. მათ შორის, ულამაზესი ჯარიმა, რომელიც განვილილი გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი იყო.

მესიმ ჩვეულად მძიმედ დაიწყო, თუმცა ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ნიგერიას ლამაზი გოლი შეუგდო, რასაც თითქოს არგენტინელთა ლიდერი უნდა „მოექოქა“, თუმცა...

პარადოქსია, მაგრამ 2018 წლის მუნდიალის შემდეგაც ფაქტად რჩება, რომ თანამედროვეობის 2 უდიდესი ფეხბურთელიდან არცერთს, მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის სტადიაზე გოლი არ გაუტანია (!!!). არადა, მესი 31 წლისაა, რონალდუ კი - 33-ის.

ბრაზილიის ნაკრების ლიდერი, ნეიმარი განვლილი ტურნირზე არცთუ ცუდად გამოიყურებოდა, თანაც მას ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ნეიმარისთვის ეს ჩემპიონატიც წარუმატებელი გამოდგა.

„ნეიმ“ მეტოქეთა კარისკენ ყველაზე მეტი დარტყმა შეასრულა - 26. იგი მეორე იყო თანაგუნდელებისთვის შექმნილი შანსების კუთხით - 23.

ამასთანავე, 5 შეხვედრის ჯამში ნეიმარის წინააღმდეგ 26-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც მხოლოდ ედენ აზარის მაჩვენებელზე (27) ნაკლებია. არ დაგვავიწყდეს, რომ ბელგიელთა ლიდერმა ნეიმარზე 2-ით მეტი - 7 მატჩი ჩაატარა.

რამდენად შეიძლება აღმოჩენა უწოდო იმ ფეხბურთელს, რომლის სანაცვლოდაც 180 მილიონი ევროა გადახდილი ვერ გეტყვით, მაგრამ როცა 19 წლის ბიჭს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან 2 გოლი გააქვს, პენალტს მოიპოვებს და უბრალოდ ვერ გააჩერებენ, მაინც სასიამოვნოდ გაკვირვებული რჩები.

კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა და თანაც, „ფეხბურთის მეფის“ გვერდით დადგა. პელე და მბაპე არიან ის ადამიანები, რომელთაც მუნდიალის ფლეი-ოფში თინეიჯერულ ასაკში გოლი გაიტანეს.

მბაპე და პელე ფინალში გატანილი გოლებითაც თინეიჯერი რეკორდსმენები არიან. განსხვავება ისაა, რომ ბრაზილიელმა 17 წლისა და 248 დღის ასაკში შეაგდო, ფრანგი კი 19 წლისა და 207 დღისა იყო.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე პირველად გამოიყენეს ტექნოლოგია, რომელიც გოლის გასვლის მომენტში მსაჯს სიგნალს აწვდიდა. ასევე, ბრაზილიაში დაინერგა რეფერის მხრიდან სტანდარტულებისას სპეციალური ქაფის გამოყენება.

2018 წლის მუნდიალზე ახალი ისტორია დაიწერა და მსაჯებს დამატებითი კომფორტი შეექმნათ. "ვიდეო ასისტენტ რეფერის სისტემა" (VAR) ყველა საკამათო ეპიზოდში გამოიყენებოდა და თუკი გამოყოფილ ოთახში მსხდომი მსაჯები საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერ შეჯერდებოდნენ, საქმეში მთავარი არბიტრი ერთვებოდა და ეპიზოდის ნახვის შემდეგ, ვერდიქტი თავად გამოჰქონდა.

განვლილ ჩემპიონატზე პენალტების რეკორდიც დამყარდა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან 22 გოლი გავიდა, რაც ერთ ტურნირზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კიდევ ერთი გამოსარჩევი ფაქტი ისაა, რომ რუსეთში გამართული 64 მატჩიდან მხოლოდ 1 დასრულდა ანგარიშით - 0:0 (საფრანგეთი-დანია). 1954 წლის ჩემპიონატზეც ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, მას შემდეგ კი უგოლოდ მინიმუმ 2 თამაში მაინც მთავარდებოდა.

ძალიან ბევრი გოლი გავიდა სტანდარტული მდგომარეობებიდან და ეს „ძალიან ბევრი“ საერთო ჯამში გატანილი ბურთების 43%-ს გულისხმობს. 64 მატჩში ჯამურად 169 გოლი გავიდა, რომელთაგანაც 73 სტანდარტულებზე მოდის.

სტანდარტულებიდან გატანილი გოლების ასეთი მაღალი პროცენტი არცერთ სხვა ჩემპიონატზე არ ყოფილა. აქამდე სარეკორდო 1994 წლის ჩემპიონატი იყო, როცა სტატიკური სიტუაციიდან გოლების 38% გავიდა, 2006-ში ეს მაჩვენებელი 37% გახლდათ, 1990-სა და 1998-ში - 36%, 2002-ში - 35%, 2010-ში - 32%, ხოლო 1966-ში - 30%.

ინგლისის ნაკრებმა მუნდიალის 1/2 ფინალში ისტორიაში მესამედ, 1990 წლის შემდეგ კი პირველად გააღწია.

გარეტ საუთგეითის ბიჭები სტანდარტულებისას ბრწყინვალედ თამაშობდნენ. მათ ამ ჩემპიონატზე ჯამში 11 გოლი გაიტანეს, რომელთაგანაც 9 სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა.

ჰარი კეინმა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 3 ბურთი პენალტიდან შეაგდო, ტუნისთან ორივე გოლისას, კუთხურისას გადმოვარდნილი ბურთი გადაგზავნა კარში, პანამასთან კი ლოფტუს-ჩიკის დარტყმული მოხვდა და გოლი გავიდა.

ინგლისელთაგან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მათი ცენტრალური მცველი, ჰარი მაგუაიერი იყო, რომელიც მეტოქის საჯარიმოში ბურთს 23-ჯერ შეეხო, რაც ნებისმიერ სხვა მცველის მაჩვენებელზე მინიმუმ 2-ჯერ მეტია. მაგუაიერმა მეტოქის კარისკენ თავით ყველაზე მეტი - 9 დარტყმა შეასრულა.

კირან ტრიპიერი ხორვატიასთან გატანილი ჯარიმის გარდა, სასარგებლო ფეხბურთელი გახლდათ. მან თანაგუნდელებს 24 საგოლე შანსი შეუქმნა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ტრიპიერის ქვემოთ ნეიმარი, დე ბრუინი, მოდრიჩი, აზარი და კოუტინიო არიან.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ტურნირი ევროპაში მე-11-ედ ჩატარდა, თუმცა პირველი შემთხვევა იყო, როცა მუნდიალი აღმოსავლეთ ევროპის მხარეს გაიმართა.

განვლილი ჩემპიონატის საერთო ღირებულებამ 14.2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც ასევე სარეკორდოა.

დავამატოთ ისიც, რომ საერთო საპზრიზო თანხიდან, რაც 400 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, გამარჯვებულმა საფრანგეთის ნაკრებმა 38 მილიონი მიიღო, ხორვატიას 28 მილიონი ერგო, მე-3 ადგილოსან ბელგიას - 24 მილიონი, ინგლისს - 22 მილიონი, 1/4 ფინალისტებს - 16-16 მილიონი, 1/8 ფინალისტებს - 12-12 მილიონი, ხოლო ჯგუფური ეტაპის მონაწილეებს 8-8 მილიონი.

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები