იოზილი ნაკრებიდან წავიდა - ''ეს რასიზმი და უპატივცემულობაა''
Aa
Aa

იოზილი ნაკრებიდან წავიდა - ''ეს რასიზმი და უპატივცემულობაა''

მესუთ იოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ინფორმაცია ლონდონის ''არსენალის'' 29 წლის ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

მისი თქმით გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის მისდამი დამოკიდებულება გერმანიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილს უკარგავს.

''ყველაფერი, რასაც 2009 წლიდან მივაღწიე, დავიწყებულია.

მიჭირს თქმა, რომ აღარ მოვირგებ გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორმას, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ვიდრე ჩემს მიმართ რასისტულ განწყობასა და უპატივცემულობას ვგრძნობ, გერმანიის ნაკრებში თამაშს არ ვაპირებ.

გერმანიის ნაკრებში სიამაყით ვთამაშობდი, მაგრამ ეს გრძნობა გამიქრა.

ჩემთვის რასიზმი ყოველთვის მიუღებელი იქნება.''

იოზილმა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი რაინჰარდ გრინდელი გააკრიტიკა. წარმოშობით თურქმა ფეხბურთელმა გრინდელს რასისტულ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი.

''როცა ვიმარჯვებთ, გრინდელის და მისი მხარდამჭერების თვალში გერმანელი ვარ და როცა ვაგებთ - ემიგრანტი.  ლუკაშ პოდოლსკი და მიროსლავ კლოზე არასოდეს მოუხსენიებიათ, როგორც გერმანელ-პოლონელი, მე რატომ ვარ გერმანელ-თურქი? მიზეზი არის ის, რომ თურქული ფესვები მაქვს და მუსლიმი ვარ?'' - წერს twitter-ზე ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, მესუთ იოზილი გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2014 წლის მუნდიალის გამარჯვებული გახდა. 2018 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. იოზილის თქმით გრინდელმა წარუმატებლობა მას დააბრალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები