როგორი იქნება სარის ახალი
Aa
Aa

როგორი იქნება სარის ახალი "ჩელსი"? ლიდერები მიდიან - რისკი ამბიციების ფონზე

"ჩელსიში" ახალი ერა იწყება. გუნდი ძველ პრაგმატულ სტილს წარსულს აბარებს და უფრო ლაღი ფეხბურთის თამაშს გეგმავს.

"არისტოკრატთა" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მას პრაგმატული ფეხბურთი მობეზრა და დროა გუნდში ახალი სტილი დაინერგოს.

მაურისიო სარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სანახაობრივი ფეხბურთისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.

"სტემფორდ ბრიჯზე" იტალიელმა სპეციალისტმა უკვე მიიყვანა თავისი ყოფილი შეგირდი ჟორჟინიო, რომელიც "ნაპოლიში" მისი ხელმძღანელობით 3 სეზონი თამაშობდა და საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგიც აჩვენა.

ბოლო 3 სეზონის განმავლობაში, სარისთან მუშაობის პერიოდში ჟორჟინიომ სერია A-ს ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში 8521 ზუსტი გადაცემა გააკეთა და ეს ტოპ 5 ჩემპიონატში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.

ლიდერები გუნდის დატოვებას გეგმავენ და ეს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის ბრალია.

აზარი, ვილიანი, კანტე და სხვები წასვლის ზღვარზე არიან - "ლურჯებს" ახალი ლიდერები დასჭირდებათ.

***

Sun-ის ინფორმაციით "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი შემტევის ენტონი მარსიალის შეძენას გეგმავს.

მაურისიო სარის მარსიალის შეძენა აზარის წასვლის შემთხვევაში სურს.

ბელგიელის "რეალში" გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება და "არისტოკრატები" თადარიგის დაჭერას გეგმავენ.

"წითელი ეშმაკები" მარსიალს 100 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა სავარაუდოა რომ ფასი დაიკლებს, რადგან 2 სეზონი თადარიგში მყოფ ფეხბურთელს ას მილიონად არავინ შეიძენს.

***

ლონდონელები ფაქტიურად "რეალში" გადასული კურტუას შემცვლელის ძიებაში არიან და პირველ კანდიდატსაც მიაგნეს.

"ევერტონისა" და ინგლისის ნაკრების გოლკიპერი ჯორდან პიკფორდი "ლურჯების" მთავარი სამიზნეა.

არის მეორე ვარიანტიც - "სტოკის" კარის დარაჯი ჯეკ ბატლენდი, რომელიც 20 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

პიკფორდის ფასი 60 მილიონი ფუნტია და ეს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ თამაშს უკავშირდება.

***

Diariogol-ის ინფორმაციით, "ჩელსი" "რეალთან" ბარტერის ვარიანტს არ გამორიცხავს.

ლონდონელები მადრიდელებს ედენ აზარის სანაცვლოდ მარკოს ასენსიოს დათმობას მოსთხოვენ.

რამდენად აწყობს "რეალს" თავისი ახალგაზრდა ვარსკვლავის დათმობა, ეს ცალკე თემაა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხულენ ლოპეტეგიმ ასენსიოს რონალდუს 7 ნომრიანი მაისური შესთავაზა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

"რეალს" აზარის სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხის გადახდა, ან გარიგებაში ასენსიოს ჩართვა მოუწევს.

***

მაურისიო სარი ახალ "ჩელსის" ქმნის და როგორც ჩანს მას ამის გაკეთება ახალ ლიდერებთან ერთად მოუწევს.

აზარის, ვილიანისა და კანტეს წასვლა ბევრ რამეს შეცვლის. როგორც ცნობილია, ფრანგი საყრდენის შეძენით "პსჟ" ინტერესდება და ფეხბურთელს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს.

ახალი "ჩელსი" ფონს გასვლას ბურთის კონტროლითა და მოკლე გადაცემებით შეეცდება. ქომაგებისთვის ამის ხილვა ცოტა უცნაური იქნება, მაგრამ როგორც სარიმ თქვა, გულშემატკივრებს სიამოვნების მიღება შეეძლებათ.

"ვფიქრობ, რომ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი თამაშისგან სიამოვნების მიღებაა. „ჩელსის“ ქომაგებს შეუძლიათ სიამოვნება მიიღონ".

ჯერჯერობით გაურკვეველია სესკ ფაბრეგასის ბედი, რომელიც სათამაშო სტილიდან გამომდინარე სარის გეგმებში უნდა შედიოდეს, თუმცა თავად ესპანელს "ჩელსის" დატოვების სურვილი უკვე დიდი ხანია აქვს.

გუნდიდან წავა მორატაც, რომელსაც სავარაუდოდ იგუაინი შეცვლის, მაგრამ ამის გადაჭრით თქმა ჯერ ნაადრევია.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2018 წლის სატრანსფერი ფანჯარაზე "ჩელსი" მთავარი მოთამაშე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები