ბასილაშვილმა კამკე დაამარცხა - ძირითად ბადემდე მელცერის ბარიერია
Aa
Aa

ბასილაშვილმა კამკე დაამარცხა - ძირითად ბადემდე მელცერის ბარიერია

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის 500-იან ტურნირში, საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და პირველ მატჩში გერმანელი ტობიას კამკე დაამარცხა.

26 წლის ქართველმა კამკეს წინააღმდეგობა საკმაოდ იოლად დასძლია. მან გერმანელს საათსა და 13 წუთში 7:5; 6:2 მოუგო. იმის მიუხედავად, რომ პირველი პარტია მე-12 გეიმამდე მივიდა, ნიკოლოზის უპირატესობა მაინც თვალსაჩინო იყო, რადგან იგი მეტოქეს აშკარად სჯაბნიდა და ბრეიკითაც ამარცხებდა.

მეორე სეტი ბასილაშვილის სრული დომინაციის ფონზე წარიმართა და იგი 4:0-ზე დაწინაურდა, რის შემდეგაც საკუთარი მოწოდებები შეინარჩუნა და შეხვედრა ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე დაასრულა.

ნიკა, ტურნირის შემდეგ რაუნდში ვეტერან ავსტრიელ იურგენ მელცერს დაუპირისპირდება, რომელიც თიხაზე არასდროს ბრწყინავდა, ახლა კი 37 წლისაა და ქართველთან გამკლავება გაუჭირდება.

საგულისხმოა, რომ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ნომრადაა განთესილი, რაც ნიშნავს, რომ დიდი შანსია, იგი ძირითად ბადეში მელცერთან წაგების შემთხვევაშიც მოხვდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ძირითადი ბადიდან 1 ჩოგბურთელი მაინც მოეხსნება, რაც თითქმის ყველა ტურნირზე ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები