რა ხდება
Aa
Aa

რა ხდება "რეალის" ბანაკში? მოსალოდნელი ტრანსფერები და ლოპეტეგის ახალი ხედვა

მადრიდის "რეალში" ახალი ეპოქა იწყება. გუნდი კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა და არ არის გამორიცხული მას რამდენიმე გამოცდილი სახეც მიჰყვეს.

ყველაფერი ზიდანის წასვლით დაიწყო. გუნდში ხულენ ლოპეტეგი მოვიდა და მას განსხვავეული ხედვა აქვს.

ფლორენტინო პერესის თქმით "რეალი" ხმაურიან ტრანსფერებს განახორციელებს და პირველ რიგში ეს შესაძლოა ედენ აზარი იყოს.

"ბლანკოსმა" უკვე გაიფორმა ბრაზილიელი ტალანტი ვინიციუსი, რომელიც თავდასხმის ხაზს გაცილებით კრეატიულს გახდის.

***

ფრანგული le10sport-ის ინფორმაციით, "რეალმა" აზარის თაობაზე "ჩელსისთან" შეთანხმებას მიაღწია და 27 წლის ბელგიელი 190 მილიონი ევროს სანაცვლოდ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდება.

ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა აზარის "რეალში" ტრანსფერი ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი მოვლენა გახლავთ.

მადრიდელებს "ჩელსიდან" ტიბო კურტუას დამატებაც სურთ და დიდი ალბათობით ბელგიელი მეკარე "რეალის" მაისურს აზარზე ადრე მოირგებს.

***

Sun-ის ინფორმაციით, "რეალის" "ტოტენჰემის" კიდევ ერთ ფეხბურთელს აკვირდება.

დელე ალისა და ჰარი კეინის შემდეგ მადრიდელთა ინტერესის სფეროში "დეზების" მარჯვენა მცველი კირან ტრიპიერი მოხვდა.

27 წლის ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეალი" 50 მილიონ ფუნტს იხდის.

ხულენ ლოპეტეგის გუნდის მხრიდან ტრიპიერის მიმართ გამოჩენილი ინტერესი ცოტა უცნაურია, რადგან "სამეფო კლუბს" დანი კარვახალთან ერთად მარჯვენა ფლანგზე უკვე ალვარო ოდრიოსოლაც ჰყავს.

რაში ჭირდება "რეალს" მესამე მარჯვენა მცველი? ეს მხოლოდ მადრიდელებმა იციან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრიპიერი შეტევაშიც საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს და მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებში მას მთელი მარჯვენა ფრთა ჰქონდა ჩაბარებული.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

***

ლოპეტეგი თავდასხმის ხაზის გაძლიერებასაც გეგმავს. "რეალს" სავარაუდოდ კარიმ ბენზემა დატოვებს, რომელიც შესაძლოა მალე "მილანის" მაისურით ვიხილოთ.

ბენზემას ნაცვლად ფლორენტინო პერესი მაღალი დონის ცხრა ნომრის დამატებას გეგმავს.

სიაში ნომერ პირველი მაურო იკარდია, რომლის სანაცვლოდაც "რეალს" 100 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევს.

მადრიდელთა სიაში რობერტ ლევანდოვსკიც იმყოფება, თუმცა პოლონელ ფორვარდს "ბაიერნი" ვერ ელევა. თავად ფეხბურთელს კი წასვლა სურს.

ჰარი კეინს კი "ტოტენჰემი" არარეალურ ფასს ადებს.

***

ნეიმარი და მბაპე - შეგვიძლია ვთქვათ, რომ პერესი მათ ვეღარ შეიძენს.

"პსჟ"-ს მილიარდერი პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი თავისი ლიდერების დათმობას არ გეგმავს.

"რეალი" არც სალაჰს შეიძენს, რადგან გუნდში დარჩენა გადაწყვიტა გარეთ ბეილმა, რომელმაც ხულენ ლოპეტეგისთან საუბრის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

***

ლოპეტეგი მეტ შანსს მისცემს მარკოს ასენსიოსა და ისკოს.

ესპანეთის ნაკრებში მუშაობის პერიოდში ისკო და ასენსიო ლოპეტეგის ტაქტიკაში იდეალურად ჯდებოდნენ.

"რეალი" სავარაუდოდ სათამაშო სტილს შეიცვლის. გუნდში ლიდერის ფუნქციები რამდენიმე მოთამაშეზე უნდა გადანაწილდეს.

აზარი მადრიდში გადასვლის შემთხვევაში დიდი წნეხის ქვეშ მოექცევა, რადგან გარკვეულწილად რონალდუს შეცვლა მას დაევალება.

***

ამ ეტაპზე მადრიდელთა სატრანსფერო გეგმები არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა ფანჯრის დახურვამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი და ფლორენტინო პერესისგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

რონალდუს წასვლის შემდეგ "ბლანკოსს" რომ ძალიან გაუჭირდება ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

ვნახოთ რას იზამს "სამეფო კლუბი" - გარისკავს თუ ტრადიციულად მეგატრანსფერებს განახორციელებს?..

ამ მომენტისთვის ასეთი ვითარებაა და თუ რამე შეიცვლება CrystalSport-ი ამომწურავ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები