რა ხდება
Aa
Aa

რა ხდება "ბარსელონას" ბანაკში? მოსალოდნელი ტრანსფერები და ვალვერდეს ძველი ახალი სქემა

სატრანსფერო ფანჯარა უკვე 21 დღეა გაიხსნა და ბევრი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა.

მილიონობით ქომაგს აინტერესებს თუ რა გეგმები აქვს თავის საყვარელ გუნდს.

ვინ წავა? ვინ მოვა? ვისი შეძენა არის მოსალოდნელი და ვისი გადაწყვეტილი?

ამჯერად გთავაზობთ "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნეებს, ფეხბურთელებს რომელთა "კამპ ნოუზე" ხილვა სავსებით შესაძლებელია და ისინიც, რომლებიც კატალონიურ კლუბს დატოვებენ.

რას გეგმავს "ბარსა" და როგორ ითამაშებს ვალვერდე ახალი სეზონიდან?

***

Sky Sports-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" "ჩელსის" ვილიანის თაობაზე მეორე შეთავაზება გაუკეთა.

კატალონიელები "არისტოკრატებს" ვილიანის სანაცვლოდ 55 მილიონ ფუნტს სთავაზობენ და იმედოვნებენ, რომ ინგლისური კლუბი მათ წინადადებას ამჯერად დათანხმდება.

ბრაზილიელი გარემარბი 9 აგვისტოს 30 წლის ხდება და მის სანაცვლოდ შეთავაზებული ამხელა თანხა ლოგიკურად "ჩელსისთვის" მისაღები უნდა იყოს.

Mirror-ი წერს, რომ ვილიანს "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს და სარის სურვილის მიუხედავად ის გუნდს მაინც დატოვებს.

როგორც ცნობილია, მაურისიო სარიმ გადაწყვიტა რომ პოტენციურად გუნდიდან წამსვლელ ფეხბურთელებს პირადად შეხვდეს და აზრი შეაცვლევინოს, თუმცა წყაროს ცნობით ვილიანს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს.

უახლოეს დღეებში ესპანური და ბრიტანული პრესა ტრანსფერის გაოფიციალურებას ვარაუდობს.

***

"ბლაუგრანა" ნახევარდაცვის ხაზში პრიორიტეტულად ადრიენ რაბიოს ტოვებს. ახალგაზრდა ფრანგი შუახაზელი პარიზული კლუბის დატოვების სურვილს ღიად აფიქსირებს და ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს.

თავის მხრივ "პსჟ" ნგოლო კანტეს ტრანსფერზე მუშაობს და ნახევარდაცვის გაძლიერებამდე ისინი არცერთი მოთამაშის დათმობას არ გეგმავენ.

რაბიოს სატრანსფერო ღირებულება 40-50 მილიონ ევრომდე მერყეობს.

ფრანგის ვერშეძენის შემთხვევაში კატალონიელთა სათადარიგო გეგმა "ბაიერნის" ესპანელი შუახაზელი ტიაგო ალკანტარა არის, რომელიც მშობლიურ კლუბში დაბრუნებას უკვე წელიწადზე მეტია ცდილობს.

***

წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე "ბარსელონასგან" მეგატრანსფერებს არ უნდა ველოდოთ.

საუბრები იყო პოგბასა და აზარის ვარიანტებზე, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და კლუბმა მათ მიმართ შესაბამისი ინტერესი არ გამოიჩინა.

"ბარსას" ბორდი ასტრონომიული თანხების დახარჯვას ამჯერად არ გეგმავს.

კლუბში უკვე მოვიდა არტური, რომელიც პაულინიოს ადგილს დაიკავებს. ინიესტას წასვლის შემდეგ გუნდი მის შემცვლელს არ შეიძენს, რადგან მისი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია.

"ბარსელონა" შეიძენს რაბიოს ან რომელიმე ცენტრალურ ნახევარმცველს, მაგრამ არა იმ დონისა და კალიბრისას, რომ ინიესტას ფუნქციების შესრულება დაევალოს.

ვილიანის შეძენით "ბარსა" სათადარიგო სკამის გაძლიერებას გეგმავს. ვალვედეს უფრო ღრმა შემადგენლობის ყოლა სურს და კლუბი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

ლუის სუარესის შემცვლელად სავარაუდოდ პაკო ალკასერი ან მუნირ ელ ჰადადი მოგვევლინებიან, რადგან უფრო მაღალი დონის ფორვარდი სეზონის ორი მესამესის თადარიგში გატარებას არ დათანხმდება.

***

"ბარსელონამ" უკვე გაიფორმა კლემენ ლენგლე და არტური. გუნდში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ მუნირსაც.

სავარაუდო მომსვლელთა სიაში იმყოფებიან ვილიანი და რაბიო. გუნდში რჩება უსმან დემბელე, რომელზედაც ვალვერდე დიდ იმედებს ამყარებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფრანგი შემტევისთვის ეს ბოლო შანსი იქნება.

"ბარსას" დიდი ალბათობით დატოვებენ ანდრე გომეში, ალეიშ ვიდალი, ლუკა დინი, იერი მინა, ტომას ვერმალენი და დუგლასი. ჯერჯერობით გაურკვეველია დენის სუარესის ბედი. ესპანელს კლუბში დარჩენა სურს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ვალვერდე ახალი სეზონიდან 4-4-2 სისტემას აღარ გამოიყენებს და კლუბი ტრადიციულ 4-3-3 სათამაშო სქემას დაუბრუნდება.

დიდი ალბათობით შემტევი ტრიო მესი-კოუტინიო-სუარესისგან დაკომპლექტდება და არგენტინელ ათიანს მოედნის ცენტრში გამთამაშებლად დგომა აღარ მოუწევს.

ვილიანის შეძენის შემთხვევაში ბასკ სპეციალისტს შეტევაში გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანი ექნება და მისი სქემა უფრო მოქნილი გახდება.

***

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. ამ მომენტისთვის ასეთი ვითარებაა და თუ რამე შეიცვლება CrystalSport-ი ამომწურავ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები