Aa
Aa

"მილანს" დისკვალიფიკაცია მოუხსნეს - "როსონერი" ევროპა ლიგაზე დაბრუნდა!

ფინანსური ფეარ-პლეის გადაწყვეტილებით, "მილანი" ევროპა ლიგიდან რამდენიმე კვირის წინ მოკვეთეს, თუმცა იტალიურმა კლუბმა განაჩენი საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა, რამაც შედეგი გამოიღო.

თავდაპირველი მონაცემებით, მილანელებს ევროტურნირებზე 2 წლით ვერ უნდა ეთამაშათ, რისი მიზეზიც არამიზნობრივად გახარჯული თანხები და არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა იყო.

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელმაც "როსონერის" აპელაცია დააკმაყოფილა, შესაბამისად, კლუბს 2018-2019 წლების სეზონის ევროპა ლიგაზე თამაშის საშუალება მიეცა. ეს კი ნიშნავს, რომ ფლორენციის "ფიორენტინა" მომავალი წლის ევროტურნირებზე ვეღარ იასპარეზებს.

"მილანმა" სერია A-ს გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. "შავ-წითლების" გარდა, ევროპა ლიგის მომავალ სეზონში რომის "ლაციო" და ბერგამოს "ატალანტა" ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ "როსონერი" ლი იონჰონისგან ამერიკულ კომპანია - "ელიოტს" გადაეცა, რომელიც როგორც იწერება, კლუბის გაყიდვას მინიმუმ 3 წლის მანძილზე არ აპირებს და გეგმავს, რომ მას ფინანსურად სტაბილური გარემო და წარმატების მომტანი მენეჯმენტი შეუქმნას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები