NBA:
Aa
Aa

NBA: "ფილადელფიამ" "კლივლენდის" ანტი-რეკორდი გაიმეორა

გასულ სათამაშო დღეს რეგულარულ ჩემპიონატში 4 მტჩი გაიმართა.

"ფინიქსმა" საშინაო შეხვედრაში დაამარცხა "მინესოტა" - 108:101. მასპინძლებმა გაქცევა მეორე მეოთხედში დაიწყეს და უკვე მესამე 12-წუთეულისთვის სხვაობა 20 ქულა იყო. "მგლებს" მძლავრი დასასრული გამოუვიდათ, მაგრამ დრო არ ეყოთ თამაშის გადასარჩენად.

"მაიამის" გაუჭირდა შინ "მემფისის" დამარცხება. სტუმრები დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ და მათი უპირატესობა 16 ქულას აღწევდა.

მაგრამ "ჰიტმა" შეძლო მეტოქის დაწევა, ბოლო ორ წუთში კი 11 უპასუხო ქულა ჩააგდო და სეზონში მე-13 გამარჯვება მოიპოვა. ბოლო წუთზე ზედიზედ ორი ბურთი მოათავსა კალათში ფლორიდელთა ლიდერმა დუეინ უეიდმა. ამის შემდეგ მისი კარიერული მონაგარი 19 200 ქულამდე ავიდა.

დაახლოებით ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა მატჩი ოკლაჰომა-სიტიში. ადგილობრივი "თანდერი" 15 ქულას აგებდა "იუტასთან" და ბოლო წამებზე გაათანაბრა ანგარიში, როცა 94:96-ზე დანკი შეასრულა კევინ დურანტმა. შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც მასპინძლებმა თავიდანვე რვა უპასუხო ქულა ჩააგდეს და შეინარჩუნეს სასურველი ანგარიში. საინტერესოა, რომ პირველ ტაიმში დურანტმა მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, დიდი შესვენების შემდეგ კი მის ანგარიშზე 29 ქულა მოდიოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოსავლეთის მეორე გუნდმა "ტორონტომ" შინ იოლად დაამარცხა ლიგის მთავარი აუთსაიდერი "ფილადელფია". სტუმრები პირველ ტაიმში ახერხებდნენ ბრძოლას და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ რვა ქულით იყვნენ ჩამორჩენილნი, მაგრამ მეორე ტაიმში კანადურმა კლუბმა განავრცო უპირატესობა და 20 ქულით გაიმარჯვა - 96:76.

"ფილადელფიამ" სეზონის პირველ 25 მატჩში 24-ედ წააგო, რითაც გაიმეორა ლიგის ანტირეკორდი, რომელიც 1970-71 წლებში "კლივლენდმა" დაამყარა. მაშინ, "კავალიერზმა" სეზონში მეორე გამარჯვების მოპოვება რიგით 29-ე მატჩში შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები