ოქსლეიდ-ჩემბერლენი მომავალი სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვებს
Aa
Aa

ოქსლეიდ-ჩემბერლენი მომავალი სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვებს

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მომავალი სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვებს. 24 წლის ნახევარმცველმა, დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, „რომას“ წინააღმდეგ მიიღო. ოქსლეიდ-ჩემბერლენს ფინალში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა, თუმცა „წითლებს“ ასპარეზობა ინგლისელის გარეშე მოუწიათ და მტკივნეული მარცხიც იწვნიეს.

ალექსმა ოპერაცია „რომასთან“ მატჩიდან რვა დღის შემდეგ გაიკეთა. თუმცა ტრავმის სერიოზულობიდან გამომდინარე სარეაბილიტაციო პერიოდი დიდხანს გასტანს. კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას იურგენ კლოპმა განაცხადა: „ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს შეუფერებელ დროს ვამბობთ, მაგრამ „ოქსი“ მომავალ სეზონში ტრავმის მოშუშებაზე და სარეაბილიტაციო პერიოდზე იქნება ორიენტირებული. დაზიანების სირთულის შესახებ ოპერაციის გაკეთების დღიდან ვიცოდით და ჩვენთვის ეს სიახლე არ ყოფილა. ცვლილებები არ მომხდარა, ალექსს არც გართულებები ჰქონია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, როგორც აღვნიშნე დიდი ხანია ამის შესახევ ვიცოდით, უბრალოდ ახლა გავასაჯაროეთ“.

„ეს ტიპური "ოქსის" გადაწყვეტილება იყო. მას არ უნდოდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციის გუნდზე ან სეზონზე ზეგავლენა მოეხდინა. სიმართლე გითხრათ  ჩვენც მას მივემხრეთ და ჩავთვალეთ, რომ მოცდა და ინფორმაციის შესაფერის დროს გასაჯაროება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა“.

„მისმა ოპერაციამ მშვენივრად ჩაიარა და სარეაბილიტაციო პერიოდიც კარგად მიდის, თუმცა ვიცით, რომ მომავალი სეზონის ჩატარება ალექსის გარეშე მოგვიწევს, თუ იგი რაღაც პერიოდში გუნდს დაუბრუნდა ეს "ლივერპულისთვის" უდიდესი გამართლება და ბონუსი იქნება“.

ოქსლეიდ-ჩემბერლენი „ლივერპულში“, გასულ ზაფხულს, 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „არსენალიდან“ გადავიდა. „ენფილდის“ მკვიდრთა შემადგენლობაში მან 5 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები