კრიშტიანუმ სამედიცინო შემოწმება გაიარა! - ფანების ოვაციები და დახვედრა ტურინში
Aa
Aa

კრიშტიანუმ სამედიცინო შემოწმება გაიარა! - ფანების ოვაციები და დახვედრა ტურინში

იტალიური საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, კრიშტიანუ რონალდუ ტურინში დედა - მარია დოლორესთან, უფროს შვილთან და მეგობარ გოგონა - ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ჩავიდა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თვითმფრინავი, ტურინის Caselle Airport-ში გუშინ საღამოს დაეშვა.

დღეს დილით, რონალდუმ სამედიცინო შემოწმება J-Medical-ში გაიარა, რომლის სიახლოვესაც მას ფანები დახვდნენ და ოვაციები მოუწყვეს. 33 წლის ფეხბურთელმა ავტოგრაფები დაარიგა და "ვეკია სინიორას" ტიფოზებს მიესალმა.

როგორც დაგეგმილია, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კრიშტიანუ ახალ თანაგუნდელებსა და მასიმილიანო ალეგრის უნდა შეხვდეს. ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (თბილისის დროით - 20:30) კი სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართება.


 

„იუვენტუსს“ რონალდუს ტრანსფერი 105 მილიონი ევრო დაუდჯა. სამაგიეროდ, კლუბის აქციების ფასმა ბოლო დღეებში 30%-ით მოიმატა. Instagram-ზე კი ტურინელებს მიმდევართა 11%-ანი ზრდა აქვთ. უკანასკნელ კვირაში „ბებერ ქალბატონს“ 1,1 მილიონი მიმდევარი შეემატა, რაც რა თქმა უნდა რონალდუს დამსახურებაა.

ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ 33 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, მის ანგარიშზე ყოველწლიურად 30 მილიონი ევრო ჩაირიცხება.

რონალდუ ტურინულ გუნდში 7 ნომრით ითამაშებს. საინტერესოა, რომ 14 ივლისის მონაცემებით, ''იუვეს'' ქომაგებმა სუპერვარსკვლავის 520 ათასი მაისური შეიძინეს. რაც შეეხება კრიშტიანუს მაისურების შესაძენ ფასს, ბავშვების ფორმა 84,95 ევრო ღირს, ოფიციალური საშინაო ფორმა კი - 144,95 ევრო.

შესაბამისად, თუკი საშუალოდ დავიანგარიშებთ, მხოლოდ გაყიდული მაისურებით, "იუვენტუსის" ხაზინას სულ მცირე 60 მილიონი ევრო შეემატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები