„გოლდენ სტეიტის“ გამარჯვებათა სერია დასრულებულია
Aa
Aa

„გოლდენ სტეიტის“ გამარჯვებათა სერია დასრულებულია

"გოლდენ სტეიტის" გამარჯვებათა სერია მილუოკიში შეწყდა. "ბაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა შეძლო საკუთარი შეგირდების სათანადოდ მომზადება, მასპინძლებმა შესანიშნავად ჩაატარეს მეოთხე მეოთხედი და მეტოქეს სიტუაციის გამოსწორების შანსი არ დაუტოვეს.

საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი "მილუოკის" ახალგაზრდა კალათბურთელებმა. ჯაბარი პარკერმა და მაიკლ კარტერ-უილიამსმა, შესაბამისად, 19 და 17 ქულა დააგროვეს, ხოლო იანის ანტენტოკუნმპომ კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, გრეგ მონრომ სამწამიანში არ გააჭაჭანა "უორიორზის" "მაღლები".

მეორეს მხრივ, ისევ არ წაუვიდა სროლა სტივენ კარის (რვიდან მხოლოდ ორი სამქულიანი), ტრავმის შემდეგ დაბრუნებული კლეი ტომპსონი კი კიდევ უფრო უარესად გამოიყურებოდა. საბოლოოდ, "გოლდენ სტეიტის" სარეკორდო სერია 24 მატჩზე შეწყდა.

შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "მეომრების" მოგებათა სერია 28-ს აღწევდა, რაც მეორე შედეგია 1971-72 წლების სეზონის "ლეიკერსის" (33 მოგება) შემდეგ. საინტერესოა, რომ მაშინ კალიფორნიული კლუბიც "მილუოკიმ" გააჩერა.

"გოლდენ სტეიტის" პირველი მარცხი, გარკვეულ წილად, პროგნოზირებადი იყო. "მეომრებმა" ზედიზედ მეშვიდე გასვლითი მატჩი ჩაატარეს, წინა დღეს კი ორი ოვერტაიმი დასჭირდათ "ბოსტონის" დასამარცხებლად. შესაბამისად, გუნდმა, უბრალოდ, ძალების აღდგენა ვერ შეძლო. შესაბამისად, ჩემპიონმა ამ სეზონში პირველად ვერ დააგროვა მატჩში 100 ქულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები