ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო, ფინალურ შეხვედრაში „მამლებმა“ 6 გოლიან თრილერში ხორვატიის ეროვნული გუნდი დაამარცხეს.

კანტე-პოგბას დუეტი დაუმარცხებელია

საფრანგეთის ნაკრები ნგოლო კანტესთან და პოლ პოგბასთან ერთად შეუჩერებელია. როდესაც „ჩელსის“ და „მანჩესტერის“ ნახევარმცველები სასტარტო შემადგენლობაში არიან „ლურჯები“ შეხვედრას არ აგებენ. ფინალური დაპირისპირების შემდეგ აღნიშნულ დუეტს ერთად ჩატარებული 19 ოფიციალური სანაკრები შეხვედრა მოუგროვდათ, საიდანაც საფრანგეთმა 15 მოიგო და 4 ფრედ ითამაშა.

ფრანგი ქომაგები და ეიფელის კოშკი

მოსკოვში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა, თუმცა პარიზში ყველაფერი სხვანაირად იყო. ფრანგმა გულშემატკივრებმა თავი ეიფელის კოშკის წინ მოიყარეს და ეროვნული გუნდის თამაშს დიდ ეკრანზე უყურებდნენ.

Nike-ის ორვარსკლავიანი მაისურები

Nike-მა ფინალის წინ საფრანგეთის ორვარსკლავიანი მაისურები შეზღუდული რაოდენობით შეკერა და როდესაც ეს უკანასკნელი ჩემპიონი გახდა, საკუთარ „ტვიტერზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაკრების ახალი ფორმა წარადგინა.

მუნდიალის თასის მცველები

საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატის თასი საფრანგეთის ნაკრების გოლკიპერის და გუნდის კაპიტნის, უგო ლორისის, ხელებში აღმოჩნდა, თუმცა მანამდე რამდენიმე საკმაოდ სერიოზული და ძლიერი ჯენტლმენი, თასს სათანადოდ იცავდა.

დეშამის სირცხვილი

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, დიდიე დეშამს გამარჯვება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, ამ უკანასკნელს, გამომდინარე იქიდან, რომ თან არაფერი ახლდა, ძალიან შერცხვა და ოპონენტს პოზიტივი ჩახუტებით დაუბრუნა.

მოდრიჩი „დაჩრდილეს“

ლუკა მოდრიჩი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მაგრამ მონეტის აგდებისას მისი „დაჩრდილვა“ ფიფას თილისმამ მოახერხა. მეორეს მხრივ ლუკას სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან ხორვატი გვერდითა მსაჯებზე გაცილებით მაღალი იყო.

საფრანგეთმა მუნდიალი კვლავ ცენტრფორვარდის მიერ გატანილი გოლის გარეშე მოიგო

ოლივიე ჟირუმ მონაწილეობა საფრანგეთის შვიდივე შეხვედრაში მიიღო, თუმცა გოლის გატანა ვერცერთში მოახერხა. „მამლებმა“ 1998 წლის მუნდიალიც ასე მოიგეს, არც გივარშს და არც ჟირუს მეტოქე გუნდის კარი მთელი მუნდიალის განმავლობაში არ აუღია. ოლივიე უფრო შორს წავიდა და ბურთი ოპონენტების კარის ჩარჩოშიც არ მოუხვედრებია.

ავტოგოლების წვიმა

მარიო მანძუკიჩის შეცდომა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი მე-12 ავტოგოლი აღმოჩნდა. რუსეთში ჩატარებულმა მუნდიალმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა და აქამდე არსებული ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 6 ავტოგოლს, ამდენივე მიუმატა.

გრიზმანის მანევრი

გუშინ, 38-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან საფრანგეთის ნაკრები 2-1 დააწინაურა. საინტერესოა, რომ სანამ პენალტს შეასრულებდა, მანამდე „მამლების“ შვიდმა ნომერმა მეკარეს გახედა და შემდეგ სუბასიჩისგან მარცხენა კუთხეს მიაშტერდა. ანტუანის ქმედებამ გაჭრა, ხორვატთა მეკარემ ნახტომ სხვა მხარეს შეასრულა და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა პენალტი დამაჯერებლად გაიტანა.

შედეგიანი მუნდიალი

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უგოლო ფრედ მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა, რაც 1954 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. მაშინ გოლი ყველა შეხვედრაში გავიდა.

დიდიე დეშამის მიღწევა

საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდეგ მსოფლიო მოიგო და დიდიე დეშამმა კარიერიული მიღწევა მიითვალა. იგი მარიო ზაგალოს და ფრანც ბეკენბაუერის შემდეგ მესამე ადამიანი გახდა, რომელმაც მუნდიალი, როგორც ფეხბურთელმა, ასევე მწვრთნელმა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები