Aa
Aa

ანტონიო კონტე „ჩელსიდან“ დაითხოვეს

ლონდონის „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ანტონიო კონტე  გაათავისუფლა. ამის შესახებ ცნობებს უცხოური სპორტული სააგენტოები ავრცელებენ. კონტეს „ჩელსიდან“ წასვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2017-18 წლის სეზონის დასრულების შემდეგ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე იტალიელი სპეციალისტი პოსტს ინარჩუნებდა და მთავარი მწვრთნელის ამპლუით ვარჯიშებსაც კი ატარებდა. 48 წლის სპეციალისტი „ლურჯებს“ 2016 წელს შეუერთდა და ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება პირველივე სეზონში მოახერხა. თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კონტეს გაშვების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც გასულ სეზონში „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხა. იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტის მიხედვით ლონდონში კიდევ 1 წელი უნდა ემუშავა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

კონტეს გაშვებას „ჩელსის“ ლეგენდარული კაპიტანი, ჯონ ტერი Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა - „მიყვარს ეს კაცი. ყველაფრისთვის მადლობა ბოს. მაშინ როდესაც ჩემს კარიერაში ყველაზე რთული სეზონი იყო, ნებისმიერ მომენტში ანტონიო პატივისცემითა და გულწრფელობით მეკიდებოდა. მიყვარდა მასთან ერთად მუშაობა და სწავლა. ყველაფრისთვის დიდი მადლობა.“

გავრცელებული ცნობით, ანტონიო კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიური „ნაპოლის“ ყოფილი თავკაცი, მაურიციო სარი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის გუნდი მაურიციო სარის გაფორმებასთან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები