ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "მილანს" ახალი მფლობელი ჰყავს! - რა ბედი ელის "როსონერის"?

იტალიური "მილანის" ფინანსური პრობლემები, სავარაუდოდ, დასრულდება, რადგან კლუბი ახალი მფლობელის ხელში გადავიდა. "როსონერის" ამიერიდან ამერიკული კომპანია Elliott Management Corporation-ი ფლობს, რომელსაც იტალიელთა ყოფილმა მფლობელმა, ლი იონჰონმა დათქმული 32 მილიონი ევრო დროულად ვერ გადაუხადა.

შეთანხმების მიხედვით, იონჰონს აღნიშნული ვალი ივლისის დასაწყისში უნდა დაეფარა, საბოლოოდ, მას ამერიკელებმა გარკვეული ვადა კიდევ მისცეს, თუმცა ამან ჩინელ ბიზნესმენს ვერ უშველა და როგორც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, კლუბის აქციათა 99.93% სწორედ "ელიოტის" დაქვემდებარებაში გადავიდა.

"საფეხბურთო კლუბ "მილანის" ფლობა და კონტროლი ამიერიდან "ელიოტის" პრეროგატივაა. აქციათა გასხვისება მას შემდეგ მოხდა, რაც კლუბის ყოფილმა მფლობელმა კომპანიისთვის დაწესებული ვალის გადახდას თავი აარიდა.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, "ელიოტის" ხედვა შემდეგნაირია: გუნდის ფინანსური სტაბილურობა და ახალი მენეჯმენტის ჩამოყალიბება, რომელიც "მილანის" გრძელვადიან წარმატებაზე იქნება ორიენტირებული. ასევე, გამართული და მოწესრიგებული სისტემა, რომელიც უეფას ფინანსურ ფეარ-პლეის პრინციპებს სრულად დაიცავს.

კომპანია მოხარულია, რომ ამ დიდებულ კლუბს, ასეთ რთულ მდგომარეობაში გვერდში უდგას. ჩვენი გამოწვევაა, რომ ამბიციური მიზნები დავისახოთ, რომელთაც მთავარ მწვრთნელ გატუზოსთან და მის ფეხბურთელებთან ერთად მივაღწევთ.

კლუბის ფინანსური სტაბილურობისათვის, საწყის ეტაპზე 50 მილიონი ევრო გამოიყოფა, შემდეგ კი იგეგმება, რომ "მილანის" ტრანსფორმაცია და განვითარება დამატებითი კაპიტალით დაფინანსდეს". - წერია Elliott Management Corporation-ის ოფიციალურ განცხადებაში. 

გავრცელებული ცნობებით, ელიოტის წარმომადგენლები დღეს, ლონდონში, "მილანის" გენერალურ მენეჯერ მარკო ფასონეს შეხვდებიან.

კულუარულად დაიწერა ისიც, რომ ფასონე-მირაბელის დუეტთან თანამრომლობა "ელიოტის" გეგმებში არ შედის, თუმცა ჩვენი იტალიელი კოლეგები ამ ინფორმაციას უფრო ჭორს უწოდებენ და წესით, როგორც ფასონემ, ასევე, სპორტულმა დირექტორმა - მასიმილიანო მირაბელიმ თანამდებობები უნდა შეინარჩუნონ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა Elliott Management Corporation-ის დამარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა, პოლ სინგერმაც.

"ფინანსური მხარდაჭერა, სტაბილურობა და სწორი ზედამხედველობა, მსოფლიო დონის გამოცდილებისათვის და წარმატებისათვის, აუცილებელი საწინდარია.

ჩვენი კომპანია ელოდება გამოწვევას, რომ კლუბი დიდებულ ევროპულ ოჯახში დააბრუნოს, იქ, სადაც ყოფნა "მილანს" ნამდვილად ეკუთვნის. "ელიოტს" ამ გუნდის ღირსებისა და ღირებულებების მტკიცედ სჯერა". 

Elliott Management Corporation-ი 1977 წელს, ნიუ იორკში დაარსებული საინვესტიციო კომპანიაა. 2017 წლის მონაცემებით, მისი წლიური ბრუნვა 34 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. 

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული კომპანიის ბოსები "როსონერიში" მისი ლეგენდის, პაოლო მალდინის დაბრუნებას აპირებენ, თუმცა 49 წლის იტალიელის მომავალი თანამდებობა ჯერჯერობით არ სახელდება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად გასულ წელს, როცა "შავ-წითლები" ლი იონჰონმა გადაიბარა, მალდინიმ კლუბში მუშაობაზე უარი განაცხადა, რაც, შესაძლოა, ჩინელის არცთუ მაღალ ავტორიტეტსა და პერსპექტივებს უკავშირდებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ ამერიკულმა კომპანიამ, შესაძლოა, "მილანი" გაყიდოს. კლუბის შეძენით რამდენიმე წარმატებული ბიზნესმენი ინტერესდება, რომელთა შორისაც, "მონაკოს" ამჟამინდელი მფლობელი, რუსი მილიარდერი, დმიტრი რიბოლოვლევი და კომპანია Mediacom-ის მფლობელი, როკო კომისო არიან.

შეგახსენებთ, რომ ლი იონჰონმა "მილანი" 2017 წლის აპრილში, სილვიო ბერლუსკონის კომპანიისგან შეიძინა, რაც ჯამში 740 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც თანდათან გაირკვა, იონჰონს, რომელიც Ebay-ს ჩინურ ვარიანტს ფლობს, თანხა სრულად არ ჰქონდა და ნაწილი სწორედ Elliott Management Corporation-ისგან ისესხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები