Aa
Aa

"რეალს" ტრანსფერის შესახებ ამიტომ ვთხოვე"... - რონალდუ "ბლანკოსს" ემოციურად დაემშვიდობა

მადრიდის "რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ "იუვენტუსთან" შეთანხმებას მიაღწია და იგი კარიერას სწორედ "ალიანც სთედიუმზე" გააგრძელებს. ტურინელებს მისი გადაბირება 105 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ფეხურთელი კი კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

33 წლის პორტუგალიელმა სპციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც ყოფილ გუნდს დაემშვიდობა.

"მადრიდში გატარებული ეს წლები, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყოს. ახლა მხოლოდ მოზღვავებულ მადლიერებას ვგრძნობ. შემიძლია, თქვენგან მიღებული სიყვარულისა და ემოციებისათვის მადლობა გადაგიხადოთ.

ვფიქრობ, სწორი დროა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე, "რეალს" ტრანსფერის შესახებ ამიტომ ვთხოვე. მინდა, რომ ჩემმა და კლუბის გულშემატკივრებმა ჩემი გადაწყვეტილება სწორად გაიგონ.

აქ დაუვიწყარი, აბსოლუტურად უნიკალური, ბრწყინვალე 9 წელი გავატარე. გასაოცარი თანაგუნდელები მყავდა, ასევე, გულშემატკივრები, ჩვენ ერთად ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ მოგება შევძელით. "რეალმა" ჩემს გულში თავისი ადგილი დაიკავა, ამიტომაც, მინდა, მადლობა გითხრათ: პრეზიდენტს, დირექტორებს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს და ყველა წევრს, რომლებიც კლუბისათვის დაუღალავად შრომობდნენ.

მადლობა ყველას და ვიტყვი, რა თქმა უნდა, იმავეს, რაც 9 წლის წინ, აქ მოსვლისას ვთქვი: "ჰალა მადრიდ"!

კრიშტიანუ რონალდუ "რეალში" 2009 წლის ზაფხულში, 94 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან "ბლანკოსთან" ერთად 2-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ უეფას სუპერ თასი და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

რონალდუმ გუნდის მაისურით 438 შეხვედრა ჩაატარა და 451 გოლი გაიტანა, რითაც მადრიდელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები