Aa
Aa

"სამპდორიას" ბანაკში დიდი არეულობაა

სამპდორია" კრიზისშია და ჯერჯერობით, საქმეს ვერც ახალი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა შველის. პირიქით, მას შემდეგ, რაც გუნდს მონტელა ჩაუდგა სათავეში, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და "სამპამ" მიჯრით სამი მატჩი წააგო.

ბოლო თამაში გენუელებს საკუთარ კედლებში ჰქონდათ "სასუოლოსთან" და უშანსოდ დამარცხდნენ - 1:3.

მატჩის შემდეგ "სამპდორიას" გულშემატკივართა ერთმა ნაწილმა სტადიონის გასასვლელთან მოიყარა თავი, რათა ფეხბურთელებთან კრიზისის მიზეზებზე ესაუბრათ. როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, ტიფოზები მშვიდობიანად აპირებდნენ ფეხბურთელებთან კომუნიკაციას, მაგრამ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასახდელიდან გამოსულმა რობერტო სორიანომ ქომაგთა გვერდის ავლით სცადა სტადიონის დატოვება.

სორიანოს ერთ-ერთი გულშემატკივარი მიუახლოვდა და სახეში ჩაარტყა, რამაც ვითარება უკიდურესად გაამწვავა და საქმეში სამართალდამცველები ჩაერთვნენ. ამ თემაზე მოკლე კომენტარი ვინჩენცო მონტელამ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ გუნდის ირგვლივ დაძაბული ვითარებაა და ეს არაფერში წაგვადგება. გულშემატკივრები გვერდში უნდა დაგვიდგნენ, რომ ჩავარდნა ერთად დავძლიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები